ასოციაცია

ასოციაცია (ფრანგ. association < ლათ. associo – ვაერთებ, ვაკავშირებ), ორგანიზაციების ან პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანება საერთო ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო, კულტურული და სხვა მიზნების მისაღწევად; დარგის საწარმოების, აგრეთვე სხვა სამეურნეო ორგანიზაციების გაერთიანება, რ-იც იქმნება მათი საწარმოო-სამეურნეო საქმიანობის კოორდინაციის, სპეციალიზაციის გაღრმავებისა და კოოპერაციის განვითარების მიზნით ა-ის წევრების ფინანს. და მატერ. რესურსების გაერთიანების საფუძველზე. ა-ის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს საწარმოები საკუთრების ნებისმიერი ფორმით (სახელმწიფო, კოოპერაციული, აქციონერული და სხვ.). ა-ის წევრები ეწევიან ნებისმიერ, კანონით დაშვებულ საქმიანობას. საწარმოები (გაერთიანებები), რ-ებიც ა-ში შედიან, ინარჩუნებენ სამეურნ. დამოუკიდებლობას, იურიდ. პირის სტატუსს და არ იცვლიან საკუთრების ფორმას. ა., როგორც ნებაყოფლობითი გაერთიანება, არ წარმოადგენს ზემდგომ ორგანოს მასში შემავალი წევრებისათვის. იგი ასრულებს იმ ფუნქციებს და აქვს ის უფლებები, რ-ებიც მას ნებაყოფლობით გადაეცემა მასში შემავალი წევრების მიერ. ა-ის ქონების წყაროებია წევრთა შენატანები; საკუთარი საქმიანობის შემოსავალი; საბიუჯეტო და სხვა ცენტრალიზებული ასიგნებანი; ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი და დივიდენდები. ა-ის ქონება მისი წევრების ქონებაა. ა-ის უმაღლ. მართვის ორგანოა საერთო კრება (კონფერენცია, საბჭო), ხოლო აღმასრ. ორგანო – დირექცია.

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი შექმნილია სხვადასხვა ტიპის ა., მაგ., საქველმოქმედო, ჰუმანიტარული, შემოქმედებითი ინიციატივის, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის, საგარეო ეკონომიკის, ტურიზმის, მასწავლებელთა, სპორტისა და სხვ. ა. ფართოდ გავრცელდა სამეურნ. სფეროში. განსაკუთრებით ვაჭრობის დარგში საცალო და საბითუმო ვაჭრობის სახელშეკრულებო გაერთიანებების სახით. ფუნქციონირებს აგრეთვე, პროფ. გაერთიანების საფუძველზე შექმნილი ა-ები, როგორიცაა საქართვ. ფერმერთა, ახალგაზრდა იურისტთა, ახალგაზრდა ეკონომისტთა, ადვოკატთა, საბანკო, დამსაქმებელთა, სტუდენტური ორგანიზაციების ა-ები, ბიზნესასოციაცია და სხვ.

რ. მითიაშვილი