ასპანისძენი

ასპანისძენი, სამხრ. საქართველოს წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო XII–XV სს-ში. საგვარეულოს ფუძემდებელი იყო შავშეთის აზნაური ასპანი, რ-იც თავის მეუღლესთან ელენესთან ერთად იხსენიება XII ს. ხელნაწერის მინაწერში. ა-თა საგვარეულო დაწინაურდა XII ს. ბოლოს, როდესაც ზაქარია ასპანისძემ უერთგულა თამარ მეფეს, შეიპყრო მოღალატე გუზან ტაოსკარელი და მიჰგვარა მას. ამ სამსახურისთავის თამარმა ზაქარია ასპანისძეს უწყალობა სამამულე მფლობელობაში ტაოს უმთავრესი ციხე-ქალაქი ფანასკერტი და ტაოს ერისთავობა. ზაქარია ასრულებდა მონაპირის ფუნქციებს სამხრ.-დას. საქართველოში შავშეთიდან სპერამდე. ზაქარიას შთამომავლები ამის შემდეგ იწოდებიან ფანასკერტელებად.

ა-თა მეორე შტო დარჩა შავშეთის მემამულედ და შეინარჩუნა თავისი გვარი. XV ს-ში ა-თა მამულს დაეუფლნენ სამცხე-საათაბაგოს თავადები ბეენასშვილები, რის შემდეგაც ა-თა გვარი წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანე, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, იქვე; კათალიკოზის სამწყსონი თავადნი და სოფელნი სამცხე-საათაბაგოში, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ნ. შოშიაშვილი