ასპინძა

ასპინძა, დაბა (1961-იდან), (სამხრ. საქართველოში), ასპინძის მუნიციპალიტეტის და თემის ცენტრი (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი). მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმ. ნაწილში, მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირას, მდ. ოთის შესართავთან, ბათუმ–ახალციხე– გიუმრის საავტ. გზაზე. ზ. დ. 1090 მ, თბილისიდან 248 კმ. 2,8 ათ. მცხ. (2014).

სახელწ. „ასპინძა“ მომდინარეობს სპარსულიდან, რაც უნდა ნიშნავდეს დიდ გზებზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს. მდებარეობს ისტ. სამცხეში გზასაყარზე, რ-ის ძირითადი მაგისტრალი მტკვარს მიჰყვებოდა (ამ გზით ქართლის სამეფო სამხრ. საქართველოს გავლით ბიზანტიას უკავშირდებოდა); მეორე გზა მდ. ოთის აყოლებით ციხისჯვარ-თორში გადადიოდა; მესამე გზა ისტ. სოფ. ტამალის, სოფლების ალასტანისა და გოკიოს (ორივე ახალქალაქის მუნიციპ.) გავლით ჯავახეთსა და თრიალეთზე გადიოდა, ხოლო მეოთხე გზა მტკვრის მარცხ. სანაპიროთი, სახუდაბელ–ჭობარეთის გავლით, ახალციხეს ჩადიოდა.

ქართული წყაროებიდან ა. პირველად სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში (XI ს.) იხსენიება IX ს. ამბებთან დაკავშირებით.

XVI ს. 50-იან წლებში ოსმალთაგან შევიწროებულმა სამცხის ათაბაგმა ქაიხოსრო II ჯაყელმა, ირანის შაჰს თამაზ I-ს დახმარება სთხოვა. შაჰი დიდი ლაშქრით მოვიდა სამცხეში, სადაც სხვა ციხეებთან ერთად ა-ის ციხე აიღო და ქაიხოსრო ათაბაგს გადასცა. შემდგომში ოსმალებმა მთელ სამხრ. საქართველოსთან ერთად ა-ც დაიპყრეს. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს.) ა. ახალციხის ლივის ერთ-ერთი რ-ნის ცენტრი და ორმოცდაათკომლიანი სოფელია.

1625 გიორგი სააკაძემ ა-თან დაამარცხა ყიზილბაშთა ლაშქარი. 1770 ქართვ. ჯარმა ერეკლე II-ის სარდლობით სძლია თურქ-ლეკთა შეერთებულ ლაშქარს (იხ. ასპინძის ბრძოლა 1770). 1829 რუს. იმპერიასა და ოსმალეთს შორის დადებული ადრიანოპოლის საზღვაო ხელშეკრულკების თანახმად ისტ. სამხრ. საქართველოს ერთი ნაწილი ა-ის ციხითურთ ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლდა და ახალციხის მაზრაში შევიდა.

ა-ის ციხე ქედზეა აშენებული. იგი გალავნით გაერთიანებული 3 კოშკისაგან შედგება (ორი ოთხკუთხა, ერთი – მომრგვალებულკუთხეებიანი). ერთ-ერთ ბურჯში ჩატანებულია ციხეში შესასვლელი კარი, კედლები ბევრჯერ განუახლებიათ, მაგრამ კარგად გამოირჩევა გათლილი, მოზრდილი კვადრების ძვ. რეგულარული წყობა. სოფლის სკოლასთან პერანგშემოძარცული დარბაზული ელესიის ნანგრევია. მდ. მტკვარზე ქვითკირის ხიდის ნაშთებია.

ა. ადგილ. მნიშვნელობის ბალნეოლ. კურორტია, ადგილზე არსებული თერმული წყლების გამო. ჰავა მთიანეთის სტეპისაა, იცის ცივი მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა –2,2°C) და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპრ-რა 20,3°C). საშ. წლ. ტემპ-რა 9,4°C, აბსოლ. მინ. –29°C, აბსოლ. მაქს. 39°C. ნალექები 520 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ წელიწადში. სამკურნ. ფაქტორი: თერმული მინერ. წყალი (ტემპ-რა 33–42°C) ქიმ. შედგენილობით განეკუთვნება გოგირდ-წყალბადიან, სულფიდურ, სულფატურ-ქლორიდულ, ნატრიუმ-კალციუმიან წყალს, რ-იც შეიცავს აგრეთვე კაჟმჟავას (40–45 მგ/ლ). მინერალიზაცია 0,8–1,0 გ/ლ. მინერ. წყალს იყენებენ აბაზანებისათვის. სამკურნ. ჩვენება: საყრდენ-მამოძრავებელ ორგანოთა, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და გინეკოლოგიური დაავადებების ქრონიკ. სტადიაში.

მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სს „ევექსის კლინიკები“.

ა-ში არის სამკერვალო და საკონდიტრო ფ-კები, საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, შოთა რუსთაველის მემორიალი, სახალხო თეატრი. ა-ზე გადის ტურისტული მარშრუტი ბორჯომ–ახალციხე–ვარძია, რ-იც კორექტირებულ იქნა 1985 (არქიტექტორები: ლ. ქესანიშვილი, თ. ნაფეტვარიძე; ეკონომისტი ც. სირაძე).

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1955; ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2 – 3, თბ., 1941 – 58.

ვ. ბერიძე

დ. ბერძენიშვილი

გ. უშვერიძე

ე. ბაგრატიონი