ასპინძის ბრძოლა 1770, ქართველთა ჯარის ბრძოლა თურქ-ლეკთა ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით. რუს.-ოსმ. 1768–74 ომის დროს საქართველოში შემოვიდა რუსთა საექსპედიციო რაზმი, რ-საც დივერსიის მოწყობით ამიერკავკ. ფრონტზე უნდა მიეზიდა თურქთა ძალების ნაწილი. ერეკლე II-მ რუს. წარმომადგენლებს რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახალციხეზე გალაშქრება შესთავაზა, ერეკლეს მიზანი იყო მესხეთის განთავისუფლება თურქთა ბატონობისაგან. 1770 მარტში რუს-ქართველთა ჯარები სურამში შეერთდნენ. რუსთა სამხ. რაზმს (1200 კაცი) მეთაურობდა გენერალი გ. ტოტლებენი. ქართულ ლაშქარს (დაახლ. 7000 კაცი) – ერეკლე II. ორივე ჯარი 24 მარტს შეერთდა და ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა. 14 აპრ. აიღეს სადგერის ციხე, სადაც ტოტლებენმა, ერეკლეს წინააღმდეგობის მიუხედავად, დატოვა 6 ზარბაზანი და 600 ჯარისკაცი. აქედან რუსთა და ქართველთა ნაწილები ორი გზით – მტკვრის ხეობითა და თორიდაბაძველის გადასასვლელით – აწყურისაკენ გაემართნენ და სოფ. საკირესთან ისევ შეუერთდნენ ერთმანეთს. 17 აპრ. ალყა შემოარტყეს აწყურის ციხეს, აქ ერეკლესა და ტოტლებენს შორის უთანხმოება ჩამოვარდა: ერეკლე II უშუალოდ ახალციხეზე დარტყმას მოითხოვდა, მისი აზრით, აწყურის ძნელად მისადგომი ციხის მცირერიცხოვანი გარნიზონის წინააღმდეგ ბრძოლა დროსა და ძალის დაკარგვას გამოიწვევდა, ახალციხეზე პირდაპირ გალაშქრებით კი ღრმა ზურგში მიტოვებული აწყურის საკითხი თავისთავად გადაწყდებოდა. ტოტლებენს შეუძლებლად მიაჩნდა გამაგრებული ციხის ზურგში მოტოვება. გენერალმა მაინც დაიწყო აწყურის ასაღებად საიერიშო ღონისძიებათა მომზადება, მაგრამ ციხის გარემოცვისა და ბრძოლის გეგმა ტოტლებენს არასწორად ჰქონდა შედგენილი. ახალციხის ფაშამ 18 აპრ. აწყურის ციხეში 2000-კაციანი დამხმარე რაზმი შეგზავნა. ტოტლებენმა 19 აპრ. მოულოდნელად თავისი რაზმი მოხსნა და უკან გამობრუნდა. ქართველთა ჯარში უწესრიგობა დაიწყო. ამით ისარგებლა მტერმა და ციხიდან გამოხდომა მოაწყო. ერეკლე II-მ თავის ლაშქარში წესრიგი დაამყარა და სწრაფი კონტრშეტევით უკუაგდო მტერი, რ-მაც თავი ციხეს შეაფარა. შემდეგ ქართველთა ლაშქარი ასპინძისაკენ დაიძრა. ახალციხის ფაშამ, ქართველთათვის გზის გადაჭრის მიზნით, ახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან 1500 მეომარი გამოიყვანა. მტრის ეს რაზმი ერეკლემ დაამარცხა და უკუაქცია. მალე ასპინძასთან თურქთა ძირითადი ძალა გამოჩნდა. მტრის 8-ათასიანი კორპუსის დიდმა ნაწილმა მდ. მტკვარი გადმოლახა. ერეკლემ მტერს მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა. ღამით მეფის ბრძანებით აღაბაბა ერისთავმა, სვიმონ მუხრანბატონმა და ხუდია ბორჩალოელმა მალულად გადახერხეს ხიდის საყრდენები („ისრები“), რითაც ერეკლე II-მ თურქები თავიანთ რეზერვებს მოსწყვიტა და უკანდასახევი გზა გადაუჭრა. 20 აპრ. ქართველები მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ: მარჯვ. ფლანგს სარდლობდა დავით ორბელიანი, მარცხ. ფლანგს – გიორგი ბატონიშვილი (შემდგომში გიორგი XII), ცენტრს – ერეკლე II, რ-იც საერთო ხელმძღვანელიც იყო.
ბრძოლა ქართველთა შეტევით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო ქართვ. მხედართა დარტყმას და უწესრიგოდ იწყო უკანდახევა ხიდისაკენ. საყრდენმოხერხილი ხიდი ჩაინგრა და ასობით მტერი თან ჩაიტანა. მტერმა ბრძოლის ველზე 4 ათ. მოკლული დატოვა. ბრძოლის მონაწილეთა მოწმობით, ერეკლეს თავისი ხელით მოუკლავს ლეკთა მეთაური მალაჩილა (კოხტა-ბელადი). დაიღუპნენ თურქთა კორპუსის მთავარსარდალი და რამდენიმე ცნობილი ფაშა და ბეგი. ქართველებმა ხელთ იგდეს ტყვეები, მრავალი დროშა, ცხენი და დიდძალი იარაღი. ქართველთა ზარალი უმნიშვნელო იყო.
ლიტ.: მაჭარაძე ვ., ასპინძის ბრძოლა, თბ., 1957; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
ნ. ასათიანი