ასპისოვი ნიკოლოზ მიხეილის ძე (1877, ქ. კასიმოვი, რიაზანის გუბ., – 13. VII. 1952, თბილისი), ოტორინოლარინგოლოგი, კლინიკური ოტორინოლარინგოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1910), პროფესორი (1922), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1941). 1900 დაამთავრა პეტერბ. სამხ.-სამედ. აკადემია.
1901 მუშაობა დაიწყო თბილ. სამხ. ჰოსპიტალში, სადაც განაგებდა ყელ-ყურის განყ-ბას. პირველმა დანერგა საქართველოში ოტორინოლარინგოლოგიური ავადმყოფების ქირურგ. მკურნალობა. 1908–10 მუშაობდა ნ. სიმანოვსკისთან პეტერბ. სამხ.-სამედ. აკადემიაში. 1909 ა-მა შემოიღო ლაბირინთის ფუნქციის გაგრილებული ჰაერით გამოკვლევის ახ. მეთოდი, რისთვისაც დაამზადა სპეც. პორტატიული აპარატი. ამ მეთოდმა საერთო აღიარება პოვა. 1909 პირველად საქართველოში ამოიღო ბრონქებიდან უცხო სხეული, რითაც დასაბამი მისცა ჩვენში ბრონქო- და ეზოფაგოსკოპიას. 1910–14 მუშაობდა საზღვარგარეთ ევრ. გამოჩენილ ოტორინოლარინგოლოგებთან (ა. პოლიცერი, ვ. ურბანჩიჩი და სხვ.). 1914-იდან განაგრძო მუშაობა თბილ. სამხ. ჰოსპიტალში. 1922-იდან იყო თსუ სამკურნ. ფაკ-ტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრის, 1930-იდან – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ყელ-ყურ-ცხვირის კათედრის გამგე. ა-მა შეისწავლა ლაბირინთის გაღიზიანების გავლენა ელექტროენცეფალოგრამაზე, დაადასტურა ვესტიბულური აპარატის წარმომადგენლობა დიდი ტვინის ქერქში. 1932 დააარსა საქართვ. ოტორინოლარინგოლოგთა სამეცნ. საზ-ბა, რ-ის უცვლელი თავ-რე იყო გარდაცვალებამდე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Значение исследования Функции вестибулярного аппарата при определении глухонемоты, «Военно-медицинский журнал», 1914, с. 286 – 290; Herpes zoster sticus, «თანამედროვე მედიცინა», 1924, № 1 – 2; Влияние раздражения вестибулярного аппарата на появление в крови химико-активных веществ. «Журнал ушных, носовых и горловых болезней», Киев, 1940, № 3.