ასპრი (ბერძნ. aspros – თეთრი, ვერცხლი), კ ო მ ნ ე ნ ო ს ე ბ ი ს ა, ტ რ ა პ ი ზ ო ნ უ ლ ი ა, ვერცხლის მონეტა. პირველად მოიჭრა XIII ს. 30-იან წლებში. მასა 2,7–3 გ. ავერსზე – კეისრის გამოსახულება სათანადო ბერძნ. ზედწერილით, რევერსზე – წმ. ევგენიოსი შესაბამისი ბერძნ. ზედწერილით. XIV–XV სს-ში განიცადა ტიპოლოგიური ცვლილება. მასა 0,5 გ-მდე დაეცა. საქართველოში გავრცელებული იყო XIII ს. 30-იანი წლებიდან XV ს. ბოლომდე. საქართვ. ტერიტორიაზე აღმოჩენილია სოხუმში, სოფლებში – კოპიტნარში, ტობანიერში (ვანის მუნიციპ.), საზანოში (თერჯოლის მუნიციპ.), პატარა ჯიხაიში (ხონის მუნიციპ.), სოფ. ვარძიაში (ხარაგაულის მუნიციპ.), სოფ. ხეობაში (ქარელის მუნიციპ.) და სხვ. XIII ს. II ნახევარში ა-ის გავლენით დას. საქართველოში მოიჭრა ვერცხლის ფული – კირმანეული თეთრი. ა. ქართულ სიგელ-გუჯრებში სისხლის საზღაურში იხსენიება.
ლიტ.: ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი თ., XIII – XIV სს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული), თბ., 1959; დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; ლომოური თ., ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938.
თ. აბრამიშვილი