ასტრა

ასტრა (Aster), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს 8–100 სმ-მდე სიმაღლის დატოტვილი ან მარტივი ღეროები, კალათა ყვავილედები. უფრო ხშირად კალათა ბევრია და შეკრებილია ფარისებრ საგველად. კალათაში გარეთა ყვავილები ენისებრია, ბუტკოიანი, ნაირფერი (იისფერი, ლურჯი, ვარდისფერი, მოთეთრო), შიგნითა – ორსქესიანი და მილისებრი, ფერად – ყვითელი. 250-ზე მეტი სახეობა ძირითადად გავრცელებულია ჩრდ. ამერიკაში, იშვიათად სამხრ. ამერიკაში, აფრიკასა და ევრაზიაში. საქართველოში იზრდება მხოლოდ 5 სახეობა. მათგან 2 – A. laevis და A. novaeangliae გზადმოყოლილია დას. საქართველოს ზოგიერთ რ-ნში (აფხაზეთი, სამეგრელო, აჭარა). ქ ა რ თ უ ლ ი ა. (A. ibericus) ენდემური მცენარეა და გავრცელებულია აღმ. საქართველოს მშრალ ფერდობებზე და ბუჩქნარებში, ა ლ პ უ რ ი ა. (A. alpinus) საქართვ. ყველა რ-ნის მაღალმთიან რეგიონშია გავრცელებული, მდელოებსა და ტენიან კლდეებზე, იშვიათად შუა სარტყელშიც გვხვდება. ამ გვარის მრავალი სახეობა დეკორ. მცენარეა და კულტივირებულია ბაღებსა და პარკებში.

ლ. ხინთიბიძე