ასტრახანის ქართველთა ახალშენი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა რუსეთში, ქ. ასტრახანში (XVII–XVIII სს.). ქართველთათვის ასტრახანის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა XVI ს. II ნახევრიდან, როცა რუსეთსა და კახეთის სამეფოებს შორის სამხ.-პოლიტ. კავშირი შეიკრა. აქ ხანგრძლივად უხდებოდათ ცხოვრება რუსეთში დიპლომატიური მისიით წარგზავნილ ქართველებს. ასტრახანში დამკვიდრებულ ქართველებზე ცნობები რუს. დოკუმენტებში XVII ს. I მესამედიდან მოგვეპოვება. იმ დროს იქ ცხოვრობდნენ ყირიმის სახანოდან ტყვეობას თავდაღწეულნი, სამშობლოდან სოციალური ბრძოლის შედეგად გადახვეწილი და რუსეთის სამსახურში შესული ქართველები. ასტრახანს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა მოსკოვის ქართ. ახალშენის შექმნის შემდეგ (XVII ს. 90-იანი წწ.), ამიერიდან მოსკოველ ქართველთა სამშობლოსთან კავშირ-ურთიერთობა ძირითადად ასტრახანის მეშვეობით ხორციელდებოდა. ამის საფუძველზე მოსკოვში დამკვიდრებულმა არჩილ II-მ მიაღწია თავისი მოხელის დანიშვნას ამ ქალაქში. არჩილ II-ის მუდმივი წარმომადგენელი, თავისი მხლებლებით, ერთგვარად საკონსულოს ფუნქციებს ასრულებდა და საკმაოდ უწყობდა ხელს რუსეთ-საქართველოს კულტ., პოლიტ. და ეკონ. თანამშრომლობის განვითარებას. ასტრახანში ხანგრძლივად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გ. გეგენავა, ი. სააკაძე, ნიკოლოზ ბატონიშვილი (შემდეგში ერეკლე I),დედოფალი ელენე, თეიმურაზ I, არჩილ II, მიტროპოლიტი იაკობი (დუმბაძე), მიტროპოლიტი რომანოზი (ერისთავი), მიტროპოლიტი ანტონი, დიპლომატები: გ. მეტრეველი, ბ. თურქესტანიშვილი, გ. დადიანი და სხვ.
1724 ასტრახანი განვლო მოსკოვის დიპლომ. მისიით გაგზავნილმა ს.-ს. ორბელიანმა, მისმა ძმამ ზაალმა და მხლებლებმა. იმავე წელს ასტრახანში დიდი ამალით შევიდა სამშობლოდან ლტოლვილი მეფე ვახტანგ VI, რ-საც აქ დიდი პატივით შეეგებნენ. 1725 მეფე მოსკოვს გაემგზავრა, ამალის დიდი ნაწილი კი ასტრახანში დარჩა და მათ ვახუშტი ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა. აქ ქართველი საეკლ. მოღვაწეები ქალაქსა და მის შემოგარენში არსებულ ტაძრებში ღვთისმსახურებას შეუდგნენ. აქედან 1727–29 ამალის წევრები ნაწილ-ნაწილ მოსკოვისკენ გაემართნენ. ვახტანგ VI-ის ამალის ნაწილმა ასტრახანში დარჩენა გადაწყვიტა. ესენი იქცნენ ქართველთა ახალშენის ბირთვად, რ-თაც ყოველ წელს ემატებოდნენ სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული ქართველები. 1734 ასტრახანში დაბრუნდა და ქართველთა ახალშენს სათავეში ჩაუდგა მეფე ვახტანგ VI. მეფემ ქალაქში საცხოვრებლად შეიძინა სასახლე კრემლში, ხოლო აგარაკი მდ. კუტუმის სანაპიროზე. მეფე ვახტანგი იმთავითვე გახდა ქართველთა, სომეხთა და ამ მრავალეროვან ქალაქში დამკვიდრებულ სხვა კავკასიელთა სათვისტომოს მეთაური. ამ პერიოდში ქართველთა დასახლება უფრო გაფართოვდა და გაძლიერდა. გარდაცვალების შემდეგ (1737 წ. 30 მარტი) ვახტანგ VI აქვე დიდი პატივით დაკრძალეს ასტრახანის კრემლის მიძინების ტაძრის ქვედა სართულში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ასტრახანის ქართველ მოღვაწეთა პანთეონს.
ა. ქ. ა-ის მემკვიდრეობა მეფე ბაქარმა და გიორგი ბატონიშვილმა გაინაწილეს. ბაქარი ასტრახანში ჩავიდა. იქ დაუახლოვდა ასტრახანის გუბერნატორს, ცნობილ ისტორიკოსს ვ. ტატიშჩევს და ენერგიულად იღვწოდა ჩრდ. კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად. XVIII ს. 30-იან წლებში ასტრახანში დასახლდა დარუბანდიდან ჩასული არქიეპისკოპოსი იოანე (სააკაძე), რ-მაც იქ სამების მონასტერი ააშენა. იქვე ჩავიდნენ ტიმოთე გაბაშვილი, არქიეპისკოპოსი იოსებ სამებელი, ანტონ I თავისი ამალით, თეიმურაზ II, გაიოზ რექტორი, გ. ხარჭაშნელი, რ-თაც ახალშენის იდეური ცხოვრება გაამრავალფეროვნეს. იქ გადაიწერა, სხვა ენებიდან ითარგმნა და შეიქმნა ლიტ-რის მრავალი ძეგლი, რ-თაც მნიშვნელოვნად გაამდიდრეს ქართული მწერლობა. არჩილ II-მ იქ დაასრულა „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“, იქვე დაწერა „გაბაასება კაცისა და სოფლისა“, „საქართველოს ზნეობანი“ და სხვ. (1682–85); მ. ბარათაშვილმა დაასრულა „წამებული“ (1725), ონანა მდივანმა (ქობულაშვილმა) გალექსა „ბარამგულიჯანიანი“ (1726). მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნეს ვახტანგ VI-მ, ნ. ორბელიანმა, ზ. გაბაშვილმა, ა. ამილახვარმა, მ. ბაგრატიონმა და სხვ.
ასტრახანში გვხვდება ქართული სიძველენი: ბაგრატიონთა გერბი, ივერიის („გრუზინსკი“) და იმერეთის („მელეტინსკი“) ღვთისმშობლის ხატები, ქართულ-წარწერიანი ჯვრები, ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნები.
ფ. სიხარულიძე