ასტროკოლორიმეტრია

ასტროკოლორიმეტრია (ბერძნ. astēr – ვარსკვლავი, ლათ. color –ფერი და ბერძნ. metreo – ვზომავ), დამზერითი ასტროფიზიკის დარგი, იყენებენ ციურ მნათობთა ფერის განსაზღვრისათვის. ფერის ობიექტური, რაოდენობრივი განსაზღვრის საფუძველზე გამოითვლიან მნათობის გამოსხივების ენერგიის სპექტრულ განაწილებას, ტემპ-რასა და სხვ. ფერი გამოიხატება ან მნათობის გამოსხივების იმ ტალღის სიგრძით, რ-იც უმეტესად აქტიურად მოქმედებს სინათლის მიმღებზე – თვალზე, ფოტოემულსიაზე, ფოტოელემენტზე, ან მისი სპექტრის ერთმანეთისაგან დაშორებულ ორ უბანში გამავალ სინათლის ნაკადთა ფარდობით (ფერის მაჩვენებელი). ა-მ ფართო გამოყენება ჰპოვა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, სადაც 40-იან წლებში შედგენილ იქნა მკრთალ ვარსკვლავთა, აგრეთვე გარეშე გალაქტიკათა ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი ვრცელი კოლორიმეტრიული კატალოგები (მ. ვაშაკიძე, ე. ხარაძე).