„ასტრონომიული კალენდარი“

„ასტრონომიული კალენდარი“, წელიწდეული, საქართვ. მეცნ. აკად. აბასთუმნის ასტროფიზ. ობსერვატორიის, თბილ. სახელმწ. უნ-ტის ასტრონ. კათედრისა და ასტრონ.-გეოდეზ. საზ-ბის თბილ. საქალაქო განყ-ბის გამოცემა. გამოდის თბილისში 1961-იდან (რედაქტორი ე. ხარაძე). სტრუქტურით უახლოვდება საზღვარგარეთის ანალოგიურ კალენდრებს, ოღონდ, ციურ მოვლენათა მომენტებს იგი იძლევა იმ სახით, როგორც მოხერხებულია საქართვ. ტერიტ. საზღვრებში გამოსაყენებლად.

„ა. კ.“ შეიცავს 3 ძირითად განყ-ბას: ცვალებად ნაწილს, მუდმივ ნაწილს და დამატებას.

ცვალებადი ნაწილი იძლევა ციურ მოვლენათა მსვლელობის წინასწარ გამოთვლილ პარამეტრებს საქართვ. სხვადასხვა გეოგრ. პუნქტისთვის, სახელდობრ, წლის სხვადასხვა დროს მზის, მთვარისა და კაშკაშა პლანეტების ამოსვლისა და ჩასვლის მომენტებს და სათანადო წერტილთა აზიმუტებს, აგრეთვე კულმინაციათა მომენტებს, მზისა და მთვარის დაბნელების, აგრეთვე მთვარის მიერ კაშკაშა ვარსკვლავებისა და პლანეტების დაფარვის მომენტებსა და დამზერით მახასიათებლებს; მზისა და მთვარის ფიზ. კოორდინატებს წლის სხვადასხვა დღისთვის; განსაკუთრებით საინტერესო მონაცემებს მცირე ცთომილების, კომეტების, ცვალებადი ვარსკვლავების შესახებ; თანავარსკვლავედების და ზოგიერთი ციური სხეულის ხილვადობის პირობებს სხვადასხვა თვეში და სხვ.

მუდმივი ნაწილი შეიცავს რეფრაქციის ცხრილებს, აგრეთვე ცნობებს უკაშკაშესი ვარსკვლავების, ორჯერად ვარსკვლავთა სისტემების, ვარსკვლავთა გროვების, ნისლეულებისა და გალაქტიკების შესახებ, ვარსკვლავიერი დროისა და საშუალო დროის ურთიერთგადასაყვან ცხრილებს.

დამატებაში რეგულარულად ქვეყნდება წერილები უახლეს ასტრონ. აღმოჩენებზე, პასუხები მკითხველთა შეკითხვებზე, საზღვარგარეთ ქართვ. მეცნიერთა მონაწილეობით ჩატარებული ასტრონ. კონფერენციების ანგარიშები, საზოგადოდ, ასტრონ. ცხოვრების ქრონიკა და მნიშვნელოვანი ასტრონ. თარიღები.

„ა. კ.“ განკუთვნილია პედაგოგების, მოსწავლეების და ასტრონ. მოვლენებით დაინტერესებული ყველა პირისათვის. პრაქტიკულად იყენებენ ობსერვატორიებში, პლანეტარიუმებში, მეტეოროლოგიურ სადგურებში, აგრეთვე სკოლებში ასტრონომიის სწავლებასთან დაკავშირებული პრაქტ. სავარჯიშოების შესასრულებლად.