ასტროპოლარიმეტრია, პრაქტიკული ასტროფიზიკის დარგი, რ-იც სინათლის პოლარიზაციის გაზომვის საშუალებით შეისწავლის ციური სხეულების გამოსხივებას. პოლარიზაციას ზომავენ ვიზუალური, ფოტოგრ. და ფოტოელექტრული მეთოდებით. გასაზომად იყენებენ სპეც. იარაღებს – პოლარისკოპებსა და პოლარიმეტრებს.
მთვარის და ცთომილების ა-ს მიმართავდნენ ჯერ კიდევ XIX ს. დასაწყისიდან. ამჟამად სწავლობენ მზის გვირგვინის, ზოდიაქური სინათლის, კომეტების, ვარსკვლავების, ნისლეულებისა და გალაქტიკების სინათლის პოლარიზაციას.
საქართველოში ა-ის მეთოდით მზის სისტემის სხეულებს წარმატებით იკვლევენ ო. ბოლქვაძე, ო. კვარაცხელია, ლ. სიგუა და სხვ. აბასთუმნის ასტროფიზ. ობსერვატორიაში მთვარისა და ცთომილების სინათლის პოლარიზაციას ფოტოელექტრული მეთოდით შეისწავლიან. ამ მიზნით აქ შექმნილია ორიგინ. ფოტოელექტრული იარაღები–ავტომ. ელექტროპოლარიმეტრი და პოლაროვიზორ-დისკრიმინატორი. ამ უკანასკნელის გამოყენებით მომზადდა და გამოიცა „მთვარის პოლარიმეტრიული ატლასი“ (1982), რ-ის ავტორებს ვ. ჯაფიაშვილს და ა. კოროლს სსრკ მეცნ. აკად. პრეზიდიუმმა თ. ბრედიხინის სახ. პრემია მიანიჭა.