ასურეთი, სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), ქვემო ქართლის ბარის ჩრდ.-დას. ნაწილში. მდ. ასურეთისხევის (ალგეთის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ენაგეთი, შავსაყდარი). ზ. დ. 760 მ, თეთრი წყაროდან 18 კმ. 978 მცხ. (2014). სოფელში არის მინერ. წყარო.
1818–1924 ა-ს ერქვა ელიზავეტტალი (წმ. ელისაბედის სახელის მიხედვით), რ-იც მას პირველმა გერმ. კოლონისტებმა (65 ოჯახი, 307 სული) უწოდეს.
ა-ის ჩრდ-ით, ასურეთისხევსა და მის შენაკადს შორის, გვიანდ. ნასოფლარის ნაშთები, რიყის ქვით ნაგები შენობები და საწნახელია. ნასოფლარის აღმ. ნაწილში მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევია.