ასურეთის სამაროვანი, ადრინდ. ანტიკური ხანის (ძვ. წ. V–IV სს.) არქეოლოგიური ძეგლი სოფ. ასურეთის (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) სამხრ.-დას-ით ადგილ „სამაჩვეთში“. 1966 გათხარეს (ხელმძღვ. კ. კვიჟინაძე) ქვემო ქართლისათვის დამახასიათებელი მოკლე ქვაყუთები (საშ. ზომა 0,6 X 1,0 მ). სამარხების ნაწილი დანგრეული და გაძარცული იყო. მიცვალებულები იწვნენ გვერდზე, ხელფეხმოკეცილნი, თავით დას-კენ. სამარხეული მასალისგან აღსანიშნავია თიხის ნაწარმი (წითლად გამომწვარი და ზოგჯერ წითელი ანგობით დაფარული დოქები, სამტუჩა და მილიანი ხელადები, ფიალები, კოჭბები და ა. შ.); ბრინჯაოს (ფიალა, სამაჯურები, საკინძები, საყურეები, ბეჭდები, ზარაკები და ა. შ.), რკინის (შუბისპირი, ცული, დანები, სამაჯურები, ბეჭედი და ა. შ.) და ვერცხლის (სასაფეთქლე რგოლები, საყურეები, ბეჭდები) ნივთები. სამარხების თავზე მრავლად აღმოჩნდა მსხვილფეხა რქოსანი საქონლის თავფეხის ძვლები, რაც იმ დროს ქვემო ქართლში აღაპის წესის არსებობაზე მიუთითებს. აღმოჩენილი ნივთები საქართვ. ტერიტორიაზე (ბეშთაშენი, გომარეთი, კიკეთი, ითხვისი, ბრილი, კუშჩი, თეთრი წყარო) მოპოვებული ამავე ხანის არქეოლ. მასალის ანალოგიურია.
კ. კვიჟინაძე