ასურელები (საკუთარი სახელწ. ათურაი, სურაი, ქალდაი), სემიტური მოდგმის ხალხი, არამეელების შთამომავალნი. ძირითადად ცხოვრობენ ირანში, თურქეთში, სირიაში. XIX ს. I ნახევრიდან დაიწყო ა-ის ლტოლვა მშობლიური ადგილებიდან. დღეს ემიგრირებული ა. მთელ მსოფლიოში არიან მიმობნეულნი, მათი ერთი ნაწილი საქართველოშიც დამკვიდრდა (სოფ. ქანდა – მცხეთის მუნიციპ., ვასილევკა – გარდაბნის მუნიციპ., ქ-ები – თბილისი, ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი). საფიქრებელია, რომ ლტოლვილთა პირველი ნაკადი ერეკლე II-ის დროს შემოვიდა, რაზედაც მიუთითებს ასურელი კათოლიკოსის მარ შიმუნისა და ეპისკოპოს ესიაის წერილები ერეკლე II-ისადმი. ა-ის მასობრივი იმიგრაცია რუს. იმპერიაში მოხდა რუს.-ირან. 1828 თურქმანჩაის საზავო ხელშეკრულების შემდეგ. ლტოლვილთა მძლავრი ნაკადი იყო I მსოფლიო ომის დროსაც. ა-ის კომპაქტური დასახლებებია სომხეთსა და კრასნოდარის მხარეში (არმავირის მახლობლად).
ა. ცნობილნი არიან სხვა სახელწოდებითაც (ნესტორიანელები, იაკობიტები, ქალდეველები), რაც ძირითადად დაკავშირებულია მათ კონფესიონალურ დაყოფასთან. ა. უმეტესწილად ქრისტიანები არიან. იუდეველი ა. უმთავრესად ისრაელში ცხოვრობენ; მუსლიმი ა-ით ორიოდე სოფელია დასახლებული სირიაში, ანტილიბანის მთებში (ბახა და ჯუბადინი). რევოლუციამდელ რუსეთში გავრცელებული იყო სახელწ. „აისორები“, რ-იც მათი სომხ. სახელწოდებიდან მოდის.
საქართველოში მცხოვრებმა ა-მა შეინარჩუნეს საკუთარი ენა (წარმოდგენილია რამდენიმე დიალექტით) და დამწერლობა (ე. წ. ნესტორიანული, რ-საც აღმოსავლელი სირიელები ხმარობდნენ). 1913–14 თბილისში სირიული შრიფტით იბეჭდებოდა ჟურნ. „მადინხა“ („აღმოსავლეთი“), სადაც გარკვეული ადგილი ეთმობოდა ადგილ. მასალას. 1926–38 აქვე გამოდიოდა ასურული გაზ. „ქოხვა დ-მადინხა“ („აღმოსავლეთის ვარსკვლავი“), სადაც ქვეყნდებოდა ქართულიდან ნათარგმნი მხატვრული ლიტ-რაც, მ. შ. ქართველი კლასიკოსების თხზულებები, ნაწყვეტები ვეფხისტყაოსნიდან. საქართველოში მოღვაწე ასურელი პოეტები და მწერლები არიან ფ. ათურაია, დ. ილიანი, ი. მარიუხანა და სხვ. ა-ს აქვთ სათვისტომო.
ლიტ.: წ ე რ ე თ ე ლ ი კ., არამეული ენა საქართველოში, «მნათობი», 1976, № 6; Саргизов Л. М., Ассирийцы Турции и Ирана в период первой мировой войны, «Вестник общественных наук Арм. ССР», 1966 № 4; Tsereteli K., Die Assyrer in der UdSSR, წგ.: Beiträge zur Alten Geschichte und deren Nachleben (Festschrift für Fr. Altheim), Berlin, 1970.
კ. წერეთელი