ასფაგური, ქართლის მეფე III ს. I ნახევარში. მირდატ მეფის ძე. ფარნავაზიანთა დინასტიის წარმომადგენელი („ქართლის ცხოვრების“ ცნობით); ციხე-ქალაქ უჯარმის ამშენებელი. სპარსეთის პირველი სასანიანი მეფის არდაშირ I-ის (226–241) თანამედროვე უნდა იყოს. სომეხთა მეფესთან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი, მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ა. ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა.
წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ნ. ლომოური