ასფოდელო (Asphodeline), მცენარეთა გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. უმთავრესად მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახებია. უხვად შეფოთლილი ღერო და მტევნებად შეკრებილი თეთრი ან ყვითელი ყვავილები აქვთ. 15–16 სახეობა გავრცელებულია აღმ. ხმელთაშუაზღვისპირეთში, ყირიმში, კავკასიაში, მცირე აზიასა და ირანში. საქართველოში 3 სახეობაა; იზრდება მთაში და ვაკეზე, ბალახოვან ფერდობებზე, ქვიან და კლდოვან ადგილებში, ნათელ ტყეებში, ველებსა და ნახევრად უდაბნოებში, ზოგჯერ ნათესებშიც. ყირიმული ა. (A. taurica) რელიქტური მცენარეა, ევქსინური ელემენტი. საქართველოში მხოლოდ ჯავახეთში – თეთრობის ქედზე გვხვდება. დეკორატიულია, შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“; ხისებრი ა. (A. dendroides) კავკ. ენდემია, გავრცელებულია ქართლში, გარეკახეთსა და გარდაბანში; ყვითელი ა. (A. lutea) გვხვდება აფხაზეთსა და ქართლში. ესეც დეკორატიულია.
ლ. ხინთიბიძე