აბუხალო, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდრის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ძამის (მტკვრის მარჯ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 1480 მ. ქარელიდან 35 კმ.
2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის. სოფელში არის მინერ. წყარო. ა. მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობდა, აქედან გადიოდა გზა გუჯარეთით ბორჯომის ხეობაში. XV–XVIII სს-ში საციციანოში შედიოდა, 1739 ლეკებს აუოხრებიათ, 1743 ხელთ იგდო ნადირ-შაჰის წინააღმდეგ აჯანყებულმა გივი ამილახვარმა.
სოფლის მახლობლად, მდ. აბუხალოსღელის მარცხ. ნაპირზე აღმართულ მაღალ მთაში, გამოკვეთილი ქვაბთა სამონასტრო კომპლექსი (XVII–XVIII სს.) მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.). მისი წარმოშობა დაკავშირებულია საქართველოში მონღოლებისა და თემურლენგის შემოსევების ხანასთან – XIII–XIV სს-თან (გ. გაფრინდაშვილი). ჰორიზონტალზე გამოკვეთილი 8 ქვაბი ერთმანეთს ღია გასასვლელებითა და გვირაბებით უკავშირდება. ქვაბები წინიდან ამოშენებულია სათოფურებიანი ქვითკირის კედლებით, კომპლექსთან მიმავალ ერთადერთ ბილიკზე გალავნის ნანგრევებია. გამოქვაბულებს თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა, მტრისათვის ძნელად მისადგომი იყო და განსაცდელის ჟამს თავს აფარებდა მოსახლეობა. ერთ-ერთ გამოქვაბულში ეკლესიაა, რ-ის კედლებიც შელესილი და მოხატულია სხვადასხვა რელიგ. სცენის ამსახველი ფრესკებით (დაზიანებულია).
ლიტ.: გაფრინდაშვილი გ., ვანის ქვაბის განძი, «ძეგლის მეგობარი», 1966, № 6; მარღიშვილი ს., ფრესკები აბუხალოს გამოქვაბულებიდან, იქვე, 1984, № 68.
შ. საღარაძე
ჯ. გვასალია