აგარის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზე, მდ. ურავლის ხეობაში (ახალციხის მუნიციპ.).
გაშენებულია მთის ფერდობზე. მთავარი ეკლესია (X–XI სს.) ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესო ერთნავიანი ტაძარია საქართველოში. ინტერიერში კედლების პლასტ. დამუშავებით, საკურთხევლის კამარისა და კონქების ერთიანობით შექმნილია დიდი და შთამბეჭდავი შიგა სივრცე. მონასტრის ყველაზე ძველი ნაგებობაა მთავარი ტაძრის ჩრდ.-დას-ით სამეკლესიიან ბაზილიკაში ჩართული პატარა ერთნავიანი ეკლესია. ქვის წყობის ხასიათით და აგრეთვე მისი აგებისას გამოყენებული ელემენტებით (თაღების ნალისებრი მოხაზულობა, კარის არქიტრავული გადახურვა) ადრინდ. ფეოდალური ხანის ძეგლებს მიეკუთვნება. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია სატრაპეზოს (XI – XII სს.), სამრეკლოს (XIII – XIV სს.) და სხვ. სამონასტრო ნაგებობათა ნაშთები.
ლიტ.: ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970; მარსაგიშვილი გ., აგარის მონასტრის უძველესი ეკლესია, «ძეგლის მეგობარი», 1982, № 60; Чубинашвили Н. Г., Церовани. Храмы сводчатой архитектуры с конструктивно-декоративными нишами на восточном фасаде, Тб., 1976.