მესხი მიხეილ შალვას ძე (დ. 12 იანვარი, 1937, თბილისი — გ. 22 აპრილი, 1991, იქვე). ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივისა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ერთი გოლის ავტორი.
საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების, ასევე, ფეხბურთის გულშემატკივრებისა და მისი თანაგუნდელების შეფასებით, შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში, ვინც თბილისის „დინამოს“ ისტორიაში განუმეორებელი კვალი დატოვა.
როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა გამორჩეული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით. სლავა მეტრეველთან ერთად, იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვისი თამაშითაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო ქართული ფეხბურთი.
ფლობდა ფენომენალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ თამაშის სტილსა და საფეხბურთო ტექნიკას, რასაც ხაზგასმით აღნიშნავდა მსოფლიო სპორტული პრესა და რაც განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მისი თამაშის მნახველ მაყურებელს.
ფეხბურთის თამაში დაიწყო თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლაში, „დინამოს“ პირველი თაობის ცნობილი ფეხბურთელისა და შემდგომ მწვრთნელის, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის, — არჩილ კიკნაძის ხელმძღვანელობით. 1953 წელს იგი პირველად გაემგზავრა მოსკოვში საასპარეზოდ, როგორც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, სადაც თავისი არაორდინალური თამაშითა და მაღალი ტექნიკური ოსტატობით პირველად მიიპყრო საკავშირო ფეხბურთის სპეციალისტთა ყურადღება.
პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1954–1969) და „ლოკომოტივში“ (1970). 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს.
სანაკრებო კარიერა 1959–1966 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 35 შეხვედრას ატარებს და 4 ბურთი გააქვს. პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1959 წლის 6 სექტემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის. შეხვედრა, რომელიც მოსკოვში იმართება, მასპინძელთა გამარჯვებით (3–1) მთავრდება. პირველი ბურთი სტუმართა კარში 34-ე წუთზე, მატჩის დებიუტანტს, მიხეილ მესხს გააქვს.
საბჭოთა ნაკრების მაისურით, ბოლოჯერ, ასევე, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, 1966 წლის 20 აპრილს, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშობს. შეხვედრას ბაზელის სანქტ-იაკობ პარკი მასპინძლობს და ფრედ (2–2) მთავრდება.
სამწვრთნელო მოღვაწეობა სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, 1969–1991 წლებში მუშაობდა სპეციალიზირებულ საბავშვო საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად.
ხსოვნა 2005 წელს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონს მიხეილ მესხის სახელი მიენიჭა.
2014 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებითა და დაფინანსებით, ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ხსოვნის უკვდავსაყოფად და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად მისივე სახელობის სტადიონზე აღიმართა ცნობილი ქართველი მოქანდაკის გიორგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი მიხეილ მესხის ძეგლი. ნატურალური ზომის ძეგლი ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარცხლბეკზე დგას. შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ექვსჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო მარცხენა გარემარბად. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.