არადელი-იშხნელი გიორგი ნიკოლოზის ძე [7 (19). VI. 1882, სოფ. არადეთი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 1. II. 1920, გორი], მსახიობი.
დაამთავრა თბილ. II გიმნაზია (1903). 1903 – 08 სწავლობდა ოდესის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე, პარალელურად დაამთავრა რეჟისორ ა. დოლინოვის დრამ. კურსები (1906). მონაწილეობდა ოდესის რუს. დრამ. დასის წარმოდგენებში. სამშობლოში დაბრუნების შემდე 1908 პირველად გამოვიდა თბილ. ქართ. თეატრის სცენაზე დ. ერისთავის „სამშობლოში“ და ჩაირიცხა თბილ. დრამ. დასში. 1908 – 20 თბილ., ქუთ. და გორის თეატრების სცენებზე განახორციელა 80-მდე როლი. მ. შ. აღსანიშნავია: გიგო (ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“), გელა (ა. წერეთლის „პატარა კახი“), ჰენრიხი (გ. ჰაუპტმანის „ჩაძირული ზარი“), არსენა (ა. ყაზბეგის „არსენა“), გლახა ჭრიაშვილი (ი. ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“), ჟორჟ დიუვალი (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“), კარლ მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები“), მოურავი (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ანანია (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), დე სანტოსი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“) და სხვ. ა.-ი.გამოირჩეოდა ცხოვრებისეული სიმართლით, დამაჯერებლობით, მშვენიერი სცენური გარეგნობით, ტემპერამენტით, ხავერდოვანი ხმით, მდიდარი მიმიკითა და პლასტიკით.
ა. გვენცაძე