არამეელები

არამეელები, სემიტური მოდგმის ხალხი, რ-მაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიაში, განსაკუთრებით თავისი დამწერლობისა და ენის წყალობით.

ა. პირველად მოხსენიებული არიან ძვ. წ. XIV ს. აქადურ ლურსმულ წარწერებში როგორც მომთაბარე ტომი „ახლამუ“. ძვ. წ. XII ს. შემდეგ იმავე ტომის აღსანიშნავად აქადურ წარწერებში გვხვდება სახელწ. „არმაიე“ (ამრაეელები). ამ ხანისათვის ეს ტომი მესოპოტამიაში შეიჭრა და არამნაჰარაიმის რ-ნში დასახლდა. ძვ. წ. X ს-ში ა. დამკვიდრდნენ სირიასა და მესოპოტამიაში, სადაც მათი ბინადრობის უძველესი კერა უნდა ყოფილიყო. ამ პერიოდს (ძვ. წ. X–VIII სს.) განეკუთვნება ა-ის უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები. ა-ს შორის ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად გავრცელდა ბერძნების მიერ მათთვის შერქმეული სახელწოდებაც – „სირიელები“ (სურაიე). ასე არიან ცნობილი შუა საუკუნეების, ე. ი. ქრისტ. ხანის, ა. სპეც. ლიტ-რაში, ასე ეძახიან მათ შთამომავალთ დღესაც, თუმცა განათლებულ წრეებში არის ტენდენცია „არამეელისა“ თუ „სირიელის“ ნაცვლად იხმარონ „ათურაია“, რაც სირიულად ძვ. ასურ. მკვიდრს – ასურელს ნიშნავს. ქართ. წყაროებში სირიელები „ასურელებად“ არიან ცნობილნი – „ასური“ („ასურნი“). ასევე ჟღერს თანამედროვე სირიელთა სახელწოდება სხვა ენაზეც (რუს. ассирийцы – ინგლ. аssyrians და მისთ). იხ. ასურელები.

ლიტ.: წ ე რ ე თ ე ლ ი  კ., არამეული ენა, თბ., 1982; Dupont-Sommer A., Les Araméens, P., [1949]; Moscati S., Sulle origini degli Aramei, „Rivista degli studi; orientali“ 1951, V. 26; N o t h M., Die Aromaer, «Zeitschrift des Deutschen Palästina-Vereins» 1949 – 51, Bd. 68; Sokoloff M., (ed.), Aramens, Aramaic and the Aramaic Literary tradition, Ramat-Gan, 1983.

კ. წერეთელი