არამ-ხუტუ

არამ-ხუტუ, ამირანის ორეული ამირანიანის მეგრული ვერსიით. ოგიერთ მეცნიერს (ი. ჯავახიშვილი) შესაძლებლად მიაჩნია, რომ „არამ“ ამირანის თავდაპირველი ფორმაა. ა.-ხ-ს ხური-ურარტულ ონომასტიკასთან უნდა ჰქონდეს კავშირი (გ. ჟორდანია). მამაკაცის საკუთარ სახელს ხუტუ (ხუტა) – ხუთა-ს შესატყვისი მოეპოვება ხური-ურარტულ ტექსტებში (ნუზის არქივი) და დასაშვებად არის მიჩნეული, რომ სახელი „ხუტუ“ წარმოდგება ურარტელთა დედამიწის ღვთაება ხუტუინისაგან (გ. მელიქიშვილი). რაც შეეხება „არამს“, იგი უკავშირდება ურარტელთა პირველი მეფის – არამეს სახელს. დასაშვებია ისიც, რომ ურარტელმა ხალხმა თავისი გმირი მეფის სახელს დაუმატა „ხუტუ“ და ამით ის ღვთაებრივ სამყაროს დაუკავშირა.

ლიტ.: ჟორდანია გ., მეხურელნი, თბ., 1956; ჩიქოვანი მ., მიჯაჭვული ამირანი, თბ., 1947; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.1).