არვანდ გუშნასპი, ერვანდ ვშნასპი, ქართლისა და ალბანეთის (კავკასიის) მარზპანი (მმართველი) დაახლ. 535/536-იდან. სასანიანთა ირანის ცნობილ მიჰრან-გუშნასპთა საგვარეულოს წარმომადგენელი. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ ავტორის ცნობით, 541 ა. გ-თან დააბეზღეს გაქრისტიანებისათვის სპარსელი გვირობანდაკი, რ-იც გაქრისტიანების შემდეგ ევსტათად იწოდა. 542 გაზაფხულზე ა. გ. ირანში გაიწვიეს. მის მაგიერ მარზპანად ვეჟან ბუზმირი დაინიშნა, რ-მაც 3 წელი დაჰყო ამ თანამდებობაზე. ა. გ-ს დაახლ. 545-იდან კვლავ დაუკავებია ძვ. თანამდებობა. ა. გ. VI ს. 40-იანი წლების ბოლომდე განაგებდა ქართლსა და ალბანეთს.
წყარო: მარტვილობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.
ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე ვ., ფირან გუშნასპის მარტვილობის ცნობათა მნიშვნელობა V – VI საუკუნეების საქართველოს ისტორიისათვის, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1988, № 2.
ვ. გოილაძე