ართვინ-ბოლნისის ბელტი, საქართველოს ერთ-ერთი გეოტექტონიკური ერთეული. მოიცავს ჩრდ. ანატოლიის გარკვეულ ნაწილსაც. გამოყო პ. გამყრელიძემ 1964. ა.-ბ. ბ. წარმოადგენს დედამიწის ქერქის შედარებით უდრეკ არეს, რ-იც საქართვ. ფარგლებში იყოფა ჯავახეთისა და ბოლნისის ზონებად. ჯავახეთის ზონა ძირითადად აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ასაკის კონტინენტური პიროკლასტური წარმონაქმნებით; ანდეზიტების, დაციტების, ბაზალტებისა და დოლერიტების ლავური განფენებით, რ-ებიც ფარავენ პალეოგენურ და ცარცულ ნალექებს. ეს ნალექები დასერილია სუბმერიდიანული მიმართულების სიღრმული რღვევებით, რ-თა გასწვრივ განლაგებულია ახალგაზრდა ვულკ. ცენტრები. ბოლნისის ზონა მოიცავს კრისტ. ხრამის მასივს და მასზე განლაგებულ დანალექ საფარს, რ-იც ძირითადად აგებულია ზედაცარცული და შუაეოცენური ვულკანოგენური წარმონაქმნებით. ზონის აღმ. დაძირულ ნაწილში ოლიგოცენური და ნეოგენური ტერიგენული ნალექებია.
ე. გამყრელიძე