არიან-ქართლი

არიან-ქართლი, ქართველი ხალხის თავდაპირველი სამშობლო მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით. ამ წყაროს ცნობით, ალექსანდრე მაკედონელის (ძვ. წ. 356–323) მიერ თითქოს მცხეთაში მმართველად დატოვებული მისი ერთ-ერთი სარდალი აზო ა.-ქ-ის მეფის შვილი იყო. აზო წასულა მამის ქვეყანაში _ „არიან-ქართლად“, იქიდან წამოუყვანია საკუთარი 1000 სახლი (ე. ი. გვარი) და 10 სახლი „მამამძუძეთა“ (აღმზრდელთა), წამოუღია არიან-ქართველთა ღმერთების გაცისა და გას კერპები და მცხეთაში დასახლებულა. ამ თქმულებაში ჩანს სხვადასხვა თქმულების გამოძახილი, ხოლო ქართველთა გადმოსახლების ამბავი ახლანდ. ქართლის მიწა-წყალზე ეხმაურება ძვ. სომხ. მწერლობაში (მოსე ხორენელთან) დამოწმებულ გადმოცემას ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართველთა გადმოსახლების შესახებ სპარსეთის იმპერიის უკანასკნელი მეფის დარიოსის სატრაპის მითრიდატეს მეთაურობით.

როგორც ჩანს, ქართველთა ერთი, სხვებისაგან განსხვავებული ნაკადის შემოსვლა მცხეთის რეგიონში გვიანანტიკურ-ადრეელინისტურ ხანაში, ახლოს უნდა იყოს სინამდვილესთან. ამ ნაკადის თავდაპირველი ადგილსამყოფელი (ქართ. წყაროების ა.-ქ.) ისტ. საქართველოს სამხრ.-დას. მხარეში უნდა ყოფილიყო, რ-საც უფრო ჩრდ-ით მოსახლე ქართ. მოსახლეობა ა.-ქ-ს ანუ, რაც იგივეა, „ირანის ქართლს“ უწოდებდა. ეს რეგიონი მართლაც უშუალოდ იყო მოქცეული აქემენიდური ხანის ირან. შემადგენლობაში. უფრო ჩრდ-ით არსებული ქართ. ქვეყნები, ანტ. ხანის ზოგი ავტორის ცნობით (პლუტარქე), გადაურჩნენ ასეთ ხვედრს და პოლიტ. დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს. ქართველთა ამ გადმოსახლების შესახებ ცნობაში ზოგიერთი უფრო ადრე მცირე აზიის აღმ. ნაწილში დამკვიდრებული მესხების (მუშქების) ქართველური ტომის ერთი ნაკადის მოძრაობის გამოძახილს ხედავს სამხრ.-დას-იდან ჩრდ-ით ჯერ მესხეთისა და შემდეგ ქართლის ცენტრ. რ-ნების მიმართულებით, რ-თაც აქტ. როლი შეასრულეს ძვ. ქართლის (იბერიის) სამეფოს ჩამოყალიბებაში.

ლიტ.: მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი  გ., საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965; მისივე, ქართველები, მათი წარმომავლობის საკითხი, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; მისივე, ქართლი (იბერია) ძვ. წ. VI – IV საუკუნეებში. ქართლის სამეფოს წარმოქმნა. იქვე.

გ. მელიქიშვილი