„არიფიონი“, ქართველ მწერალთა ლიტერატურულ-შემოქმედებითი გაერთიანება (კორპორაცია). დაარსების იდეა დაიბადა 1926 წ. 4 თებ., ხოლო მისი წევრების მიერ სალიტ. განცხადება ხელმოწერილი და დათარიღებულია 1927 წ. 16 თებ. არსებობდა 1929-მდე. კორპორაციის ჩამოყალიბების პერიოდში მის წევრთა შორის იყო მსოფლმხედველობრივი წინააღმდეგობები, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათი კარგი ურთიერთდამოკიდებულებისთვის. სახელწოდება „ა-ს“ ისინი განმარტავდნენ, როგორც ამხანაგობას, რ-იც ემყარებოდა არა მარტო საზ. იდეალებისა და ლიტერატურული მრწამსის ერთიანობას, არამედ პირად მეგობრულ ურთიერთობასაც. თავდაპირველად გაერთიანებისთვის უნდა ეწოდებინათ „ჩვენი მიწა“, ამავე სახელწოდებით შეიქმნა ლიტერატურული განცხადება (პირველად გამოქვეყნდა „ლიტერატურულ გაზეთში“, 1959, № 15). მ. ჯავახიშვილმა შეადგინა 5 თეზისი, 4 – გ. ქიქოძემ. ამ საფუძველზე მ. ჯავახიშვილმა შექმნა ლიტერატურული დეკლარაცია „ჩვენი მიწა“. „ლიტერატურული მანიფესტი“ (მ. ჯავახიშვილის არქივი), რ-იც უაღრესად პროგრ. იყო და მრავალ პრობლემურ საკითხს აყენებდა. მოგვიანებით მ. ჯავახიშვილმა დეკლარაცია გადააკეთა, შეამოკლა და სათაურით „არიფიონი“ გამოაქვეყნა ალმანახ „არიფიონში“ (მ. ჯავახიშვილის არქივი). დეკლარაციას ხელს აწერდნენ ვ. გორგაძე, შ. დადიანი, კ. კაპანელი, ლ. მეტრეველი, ი. მოსაშვილი, დ. სულიაშვილ-ლიხელი, გ. ტაბიძე, ი. ტატიშვილი, პ. ქავთარაძე, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, ს. შანშიაშვილი, კ. ჭიჭინაძე, მ. ჯავახიშვილი. ეს იყო უაღრესად დემოკრ. ხასიათის დოკუმენტი, რ-შიც ახლებურად იყო გააზრებული და დანახული ეპოქის ვითარება, ლიტ-რის დანიშნულება, ხელოვნ. როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ეტაპზე. იგი ერთსულოვნად მოიწონეს წევრებმა, თუმცა საზ-ბაში მაინც გაჩნდა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები. „ა-ს“ და მის წევრებს თავს დაესხნენ ფ. მახარაძე, პ. საყვარელიძე, გ. მუშიშვილი, პ. ქიქოძე, ბ. ჟღენტი და სხვ. ბრძოლა შემდეგ მ. ჯავახიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ ცილისწამებაში გადაიზარდა. სხვადასხვა დროს „ა-ზე“ კრიტ. აზრები გამოთქვეს აგრეთვე ს. ჭილაიამ, ნ. ჯაშმა, გ. ჯიბლაძემ და სხვ. 1928 წ. 6 მარტს სრულიად საქართვ. მწერალთა ყრილობამ უარყოფითად შეაფასა (მომხს. ფ. მახარაძე) „ა-ის“ მუშაობა, მაგრამ 1928 წ. 11 ივლ. სხდომაზე (მომხს. ს. თოდრია) მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმმა აღნიშნა, რომ ყოფილი არიფიონელები ფედერაციის წევრებად რჩებოდნენ. „ა-მა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 20-იანი წწ. ქართული ლიტ-რის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
ლიტ.: ა გ ლ ა ძ ე შ., „არიფიონი“, თბ., 1983.
შ. აგლაძე