იოანე ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (16. V. 1768, თბილისი, – 15. II. 1830, სანქტ-პეტერბურგი), სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, განმანათლებელი, მწერალი, მეცნიერი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი, გენერალ-ადიუტანტი (1803), გიორგი XII-ის ვაჟი. დაწყებითი განათლება დავით რექტორის ხელმძღვანელობით მიიღო. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი ითამაშა ერეკლე მეფის კარზე მყოფმა პოლიტ. აგენტმა ი. რაინეგსმა და ავსტრიელმა მეცნიერმა ი. გეტიკმა.
ი. ბ. ახალგაზრდობიდანვე ჩაება საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1789 ლეკებს ებრძოდა ზედაველაზე, 1790 იმერეთში ერეკლე მეფის დავალებით იცავდა სოლომონ II-ის ტახტს პრეტენდენტთა შემოსევებისგან. 1795 აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში მოწინავე რაზმის სარდალი იყო: კრწანისის ბაღებში მოიგერია მტრის პირველი დარტყმა, უკუაგდო იგი, შემდეგ კი ერეკლე მეფე დატყვევებისგან იხსნა. 1796 სოფ. შილდას იცავდა ომარ-ხანის (ხუნძახის ბატონი) შემოსევებისგან. 1798 სოფ. დირბთან დაამარცხა ლეკები. იმავე წელს დავით ბატონიშვილთან ერთად გაილაშქრა ყარსის საფაშოს წანააღმდეგ და გაიმარჯვა. 1800 თავი გამოიჩინა ომარ-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში ნიახურასთან. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ აქტიურად ეხმარებოდა დავით ბატონიშვილს ტახტის შემომტკიცებაში. 1801 რუს. მთავრობამ ი. ბ. აიძულა სამშობლო დაეტოვებინა (ძმებთან ერთად) და რუსეთში გადასახლებულიყო. იგი თავდაპირველად მოსკოვში შეჩერდა, 1802 თებერვლიდან კი პეტერბურგში დამკვიდრდა.
ი. ბ-მა ადრე დაიწყო სამეცნ. მოღვაწეობა. 1794–98 ხელმძღვანელობდა (დავით ბატონიშვილთან ერთად) ქართლ-კახეთის აღწერას. 1799 დაწერა მნიშვნელოვანი ნაშრომი „სჯულდება" (იხ. იოანე ბატონიშვილის სჯულდება), რ-შიც დასმულია საქართველოს მართვისა და პოლიტ.-საზ. და კულტ.-ეკონ. ცხოვრების რეორგანიზაციის საკითხები. ინტერესს იწვევს ავტორის აზრი „განათლების მოხელის" პოსტის შემოღების შესახებ, რ-საც უნდა ეხელმძღვანელა სკოლებისა და სტამბის საქმიანობისთვის; საჭიროდ თვლიდა სათათბირო ორგანოს შექმნას, გაზეთის დაარსებას, უმაღლესი სასწავლებლების გახსნას თბილისში, გორსა და თელავში; დაწყებითი განათლების შემოღებას ვაჭართა და გლეხთა შვილებისთვის და სხვ. პეტერბურგში დამკვიდრების შემდეგ პოლიტ. ასპარეზს ჩამოცილებული მეცნიერი ენციკლოპედიურ განათლებას დაეწაფა და გულდასმით მუშაობდა მეცნ. და ხელოვნების სხვადასხვა დარგში (ისტორია, ლექსიკოგრაფია, ფილოსოფია, ესთეტიკა, მუსიკა, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, სამხ. საქმე და სხვ.); გარს იკრებდა ენების მცოდნე და მუყაით მწიგნობრებს და წარმართავდა მათ კულტ.-საგანმან. მოღვაწეობას – ათარგმნინებდა და თვითონაც თარგმნიდა პროგრ. იდეების შემცველ სამეცნ. შრომებს, სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს, სამკურნალო წიგნებს და გზავნიდა საქართველოში. მისი აზრით, ქართველების ხსნა ფართო განათლებითა და მრავალგვარი ცოდნის დაუფლებით იყო შესაძლებელი. თვითონაც აქტ. შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა: თარგმნიდა საჭირო წიგნებს, ქმნიდა სახელმძღვანელოებსა თუ ლექსიკონებს, სამკურნ. წიგნებსა და ენციკლოპედიური ხასიათის შრომებს. აღსანიშნავია მისი ორიგინ. თხზულებები: ისტ. ხასიათის „ქართლ-კახეთის აღწერა", „ბაგრატიონთა შთამომავლობა"; „ქართული ლექსიკონი", რ-ის მხოლოდ ფრაგმენტია მოღწეული (აა-ანოლა), „მოკლე რუსულ-ქართული ლექსიკონი", „სალექსიკონო მასალები", „ქართული გრამატიკა", „სწავლანი" – ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება, სამშობლოს მონატრებით დაწერილი „პატარა ედემით განძება" და სხვ. რაც შეეხება რუს.-ქართ. და საბუნებისმეტყველო ლექსიკონებს, რ-ებიც თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში მას მიეწერებოდა, შედგენილია სხვა ავტორის მიერ ი. ბ-ის დავალებითა და ზედამხედველობით.
ი. ბ-ის შემოქმედების გვირგვინია ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება „ხუმარსწავლა", ანუ „კალმასობა", რ-იც დაიწერა 1813–28. ი. ბ., როგორც საქართვ. საზ. ცხოვრების ევრ. ყაიდაზე გარდაქმნის მოსურნე და მქადაგებელი, თხზულებაში საინტერესოდ გადმოსცემს განმანათლებელთა იდეებს და მათ განხორციელებას უკავშირებს თავისი ქვეყნის პოლიტ. ძლიერებასა და კულტ.-ეკონ. აღორძინებას. სწორედ "ხუმარსწავლაშია" ჩართული ავტორის პირველი გრამატ. ნაშრომი, რ-იც სიტყვა-მიგების წესითაა დაწერილი. შინაარსობრივად იგი მიჰყვება დავით ბატონიშვილის, ანტონ I-ის და განსაკუთრებით გაიოზ რექტორის გრამატიკებს. მეორე დამოუკიდებელი გრამატ. ნაშრომი (1829) სახელმძღვანელოდაა გათვალისწინებული და არ იმეორებს პირველს. ავტორს უსარგებლია მთლიანად დავით ბატონიშვილის გრამატიკით, თუმცა მასში ცალკეული (უმნიშვნელო) გადახვევები მაინც შეინიშნება. ი. ბ-ის გრამატიკებმა ქართ. გრამატ. აზრის განვითარებაზე გავლენა ვერ იქონია (ა. ფოცხიშვილი).
თხზ.: სჯულდება, ივ. სურგულაძის გამოც., თბ., 1957; ქართლ-კახეთის აღწერა, თ. ენუქიძისა და გ. ბედოშვილის გამოც., თბ., 1986; ხუმარსწავლა, ც. კახაბრიშვილის და ც. კიკვიძის გამოც., წგ. 1–2, თბ, 1990–91.
ლიტ.: გ ო გ უ ა ძ ე ნ., იოანე ბატონიშვილის "გრამატიკა", «კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1962, ტ. 4; კ ი კ ნ ა ძ ე ლ., იოანე ბატონიშვილის კალმასობისეული ქართული გრამატიკის ტექსტისათვის, «მრავალთავი» (ფილოლ.-ისტ. ძიებანი), XX, თბ., 2003; კ ო ტ ი ნ ო ვ ი ნ., ქართული სალიტერატურო ენის ისტორიიდან. XVIII–XIX სს., თბ., 1973; ფ ო ც ხ ი შ ვ ი ლ ი ა., ქართული ენათმეცნიერების ისტორია, I, თბ., 1995; ქართული ლიტერატურის ისტორია, რედ. კ. კეკელიძე, ტ. 2, თბ., 1966; ქ ი ქ ო ძ ე გ., წერილები, ესეები, ნარკვევები, თბ., 1985; ქ უ თ ა თ ე ლ ა ძ ე ლ., იოანე ბაგრატიონის "ქართული ლექსიკონი", თბ., 1975.
ლ. კიკნაძე