იულონ ბატონიშვილი [4 (15). VI. 1760 – 2 (14). II. 1827, სანქტ-პეტერბურგი], ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის მეორე ვაჟი, ქართლ-კახეთის სამეფოს ტახტის პრეტენდენტი.
1777, ქსნის საერისთავოს გაუქმების შემდეგ, ერეკლე II-მ ლიახვის ხეობა ი. ბ-ს გადასცა. მეფის წყალობაში იგულისხმებოდა როგორც დიდი, ისე პატარა ლიახვის ხეობა. ი. ბ. დაეუფლა სოფ. კეხვს და მაჩაბელთა სარეზიდენციო სოფ. აჩაბეთს, სადაც სადედოფლო ყმები სახლობდნენ. ი. ბ-ის საუფლისწულოს ფარგლებში XVIII ს. 80-იანი წლების ბოლოს მოქცეული იყო დასახლებული პუნქტები ლორის მხარესა და ქ. თბილისში, მისი ყმა-მამულების არსებობა დასტურდება აგრეთვე სოფ. ორბსა და სამშვილდეში. XVIII ს. 90-იან წლებში ი. ბ-ის საუფლისწულო საკუთრება გახდა აგრეთვე სურამი და გორი.
1778 ი. ბ-მა ცოლად შეირთო რევაზ ამილახვრის ასული სალომე. ჰყავდათ 4 შვილი: ლევანი (1785–1811), ლუარსაბი (1788– 1858), თამარი (1791–1857) და დიმიტრი (1803–45).
1791, ერეკლე II-ის ანდერძის თანახმად, ტახტის მემკვიდრის, გიორგი XII-ის მეფობის შემდეგ ტახტზე მისი შვილის ნაცვლად (უფროს-უმცროსობის პრინციპით ანუ მონაცვლეობით) მისი ძმები უნდა ასულიყვნენ და შესაბამისად, ტახტის მემკვიდრე ი. ბ. ხდებოდა, რადგან გიორგი XII-ის მომდევნო და მისი უფროსი ძმა – ლევან ბატონიშვილი უკვე გარდაცვლილი იყო. 1799 გიორგი XII-ის მიერ ტახტის მემკვიდრედ თავისი ვაჟის, დავით ბატონიშვილის საჯაროდ აღიარებამ და იმავე წელს რუსეთის იმპერატორის მიერ ამ ფაქტის დადასტურებამ, მეტისმეტად დაძაბა ურთიერთობა ტახტის მემკვიდრეებს შორის. მკაფიოდ გამოიხატა ორი საპირისპირო დაჯგუფება – დარეჯან დედოფლის გარშემო შემოკრებილი ერეკლე II-ის შვილები და მათი მომხრეები ტახტის მემკვიდრედ ი. ბ-ს აცხადებდნენ, ხოლო გიორგი XII-ის შვილები და მათი მომხრეები დავით ბატონიშვილს უჭერდნენ მხარს. ამ ორ დაჯგუფებას შორის სადავო არა მარტო ტახტის დაუფლება, არამედ გიორგი XII-ის მიერ ოფიციალურად გატარებული საგარეო კურსიც იყო. ერეკლე II-ის შვილები თვლიდნენ, რომ რუსეთის დასაინტერესებლად საკუთარი უფლებების მაქსიმალურად დათმობა ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნიდა. ი. ბ. არ დაემორჩილა 1801 იანვარში რუსეთის იმპ. პავლე I-ის მიერ გამოცემულ მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ და „საქართველოს მემკვიდრედ და მმართველად" დავით გიორგის ძის დანიშვნის ბრძანებას. იგი თავდაპირველად დუშეთში, შემდეგ კი კახეთში გაიხიზნა, 1801 თებერვლის დასაწყისში ი. ბ. თავის ძმასთან – ფარნაოზ ბატონიშვილთან ერთად მომხრე თავადაზნაურობის თანხლებით იმერეთში სოლომონ II-სთან გადავიდა, სადაც სამეფო ტახტის მოსაპოვებლად გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა.
1802 ივლისში აღმ. საქართველოში შინაპოლიტიკური ვითარება გამწვავდა და რუსული სამხ. ხელისუფლების წინააღმდეგ ფართო საპროტესტო მოძრაობა დაიწყო. კახეთის (სოფ. ქელმენჩურში) თავყრილობაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სახალხო ყრილობის მონაწილეებმა – თავადაზნაურობის, სამღვდელოების და უბრალო ხალხის წარმომადგენლებმა – რუსეთის იმპერატორს 1783 ტრაქტატის პირობათა დაცვისაკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ მათი მიზანი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა და ქართლ-კახეთის მეფედ იულონ ერეკლეს ძის გამოცხადება, რის დასტურადაც მის ერთგულებაზე ხალხის დაფიცება დაიწყეს. საქმეში სპარსეთის შაჰი ბაბა-ხანიც ჩაერთო, ი. ბ. ძველი წესის თანახმად „მეფედაც" კი დაამტკიცა და მის საშველად ჯარის შეკრება დაიწყო. იმერეთში გადახვეწილმა იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებმაც ჯარი შეკრიბეს და ქართლ-კახეთში შეჭრა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
მთავარმართებელი პ. ციციანოვი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ი. ბ. რუსეთში წასვლაზე დაეთანხმებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1804 იფეთქა მთიულეთის აჯანყებამ, რ-ის მონაწილეებმა იმერეთში ი. ბ-ს მოციქულები გაუგზავნეს და დახმარებისაკენ მოუწოდეს. ივნისში იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები მცირე რაზმით იმერეთიდან ქართლის საზღვრებისაკენ წამოვიდნენ და აჯანყებულ მთიანეთში გაჭრას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და კვლავ იმერეთისკენ გაბრუნდნენ. 24 ივნისს მათ იმერეთში, ქართლის საზღვართან, ულევის ეწერში მოულოდნელად თავს დაესხა სურამის რუსთა რაზმი. ი. ბ. შეიპყრეს და თბილისში ჩამოიყვანეს.
1805 იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები რუსეთში გადაასახლეს. ი. ბ. თავდაპირველად, როგორც პატიმარი, ტულაში იმყოფებოდა. 1806 გაათავისუფლეს და პეტერბურგში დასახლდა. დაკრძალულია იქვე, ალექსანდრე ნეველის ლავრის იოანე ოქროპირის ეკლესიაში.
წყარო: დავით ბატონიშვილი, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, ტფ., 1906; Акты Кавказской археографической комиссии, т. 1–2, Тфл., 1866–68.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; ბ ე რ ძ ნ ი შ ვ ი ლ ი მაქს., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, წგ. 2, თბ., 1983; ო რ ჯ ო ნ ი კ ი ძ ე ე., ალექსანდრე ბატონიშვილის ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, თბ., 1999; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ხ ი დ უ რ ე ლ ი ზ., ფეოდალური მიწათმფლობლობა XV–XVIII საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 1989.
გ. ლორთქიფანიძე