არმა

არმა, მთვარის ღვთაება (აგრეთვე „მთვარე“ და „თვე“) ანატოლიურ, ხეთურ-ლუვიურ სამყაროში. მისი ასტროლოგიური რიცხვია 30 (30-დღიანი მთვარის თვის შესაბამისად). იგივეა, რაც ხათური (პროტოხეთური) „ქაშქუ“, ხურიტული „ქუშუხ“. მთვარის ღვთაება ხეთებთან არ თამაშობდა დიდ როლს (მისი ოფიც. კულტი, მსგავსად მზის, ტაროსის და სხვა ღვთაებათა კულტისა, ხეთებს არ ჰქონდათ), მაშინ როდესაც მას განსაკუთრებით სცემდნენ თაყვანს ლუვიის (სამხრ. ანატოლიის) ტერიტორიაზე. ღვთაების ადგილსამყოფლად ითვლებოდა ქიცუვათნას პროვინცია (ქუმანი, კილიკია). ხეთურ-ლუვიურ სამყაროში გავრცელებული იყო ა-გან ნაწარმოები საკუთარი სახელები, ტოპონიმები: არმადათა, არმაცითი, არმავია და სხვა მრავალი. ა. შემორჩა ლიკიურ და ლიდიურ საკუთარ სახელებში არმ-, ერმ-ძირიანი ფორმით. ა-ს დაკავშირება ბერძნ. „ჰერმესთან“, ისევე როგორც ქართ. „არმაზთან“ და არმაზის კულტთან, დავას იწვევს სპეციალისტთა შორის.

ლიტ.: Schuler E. von, Die Mythologie der Hethiter und Hurriter, წგ.: Wörterbuch der Mythologie, Bd. 3, Stuttg., 1972.

გ. გიორგაძე