არმაზის მონოლინგვა, არამეული დამწერლობითა და შესაძლოა, არამეულ ენაზე შედგენილი ერთენოვანი წარწერა სტელაზე. იპოვეს 1940 არქეოლ. გათხრების დროს არმაზის ტერიტორიაზე № 4 სამარხში არმაზის ბილინგვიან სტელასთან ერთად (ორივე სტელა გამოყენებული იყო გვიანდელი ხანის სამარხის კედლებად). წარწერა 14-სტრიქონიანია და ამოკაწრულია არმაზული ტიპის არამ. ასოებით. როგორც აკად. გ. წერეთელმა დაადგინა, ა. მ. შედგენილია იბერიის მეფე „მიჰრდატ (მითრიდატე II) დიდი მეფის, ფარსმან დიდი მეფის ძის“, დროს (დაახლ. ახ. წ. 70-იანი წწ.). ა. მ-ის ავტორია მიჰრდატ დიდი მეფის პიტიახში შრგს-შარაგას (სახელის გახმოვანება პირობითია), „ძე ზევახ დიდისა“ (შრდ. არმაზის ბილინგვის „ზევახ მცირე“). იგი მოგვითხრობს მის მიერ ჩატარებულ ლაშქრობებსა და გამარჯვებებზე, რ-ებიც მან მეფე მიჰრდატის სახელით მოიპოვა (შრდ. წარწერაში რამდენჯერმე გამეორებული წინადადება: „ეს გამარჯვება, მეფეო, შენთვის მოვიპოვე“). წარწერაში მოხსენიებულია არმენია ('rmyn), დასახელებულია რამდენიმე -ით/-ეთ სუფიქსიანი გეოგრ. პუნქტი (მაგ., msknyt, msykyt და სხვ.), რაც გვაფიქრებინებს ტექსტში ქართველიზმების არსებობაზე (ფ. ალტჰაიმსა და რ. შტილს მიაჩნიათ, რომ msykyt იგივე „მცხეთაა“). ტექსტის დასასრულს ნახსენებია ვინმე „ასუფარუგ, ძე უფლისა...“ (ეს სახელი გვხვდება აგრეთვე ბერძნულწარწერიან გემაზე არმაზიდან და სხვაგან). იბერიის სხვა არამ. წარწერებთან ერთად ა. მ. მნიშვნელოვანი წყაროა იბერიის სოც. ცხოვრებისა და სახელმწ. წყობის შესასწავლად. ზუსტდება I ს. იბერიის პოლიტ.-ისტ. და ისტ.-გეოგრ. ცალკეული ფაქტი.- იბერიის ზოგიერთ მეფეთა თანამიმდევრობა (ფარსმანი—>მიჰრდატი), დასტურდება მეფეთა და მაღალი თანამდებობის პირთა ტიტულატურა („მეფე დიდი“, „პიტიახში“) და სხვ. ტექსტის ზუსტი თარგმნა ბოლომდე ჯერჯერობით ძნელდება წარწერის რიგი ადგილის ბუნდოვანების გამო.
ლიტ.: გ ი ო რ გ ა ძ ე გ., ტოპონიმები არმაზის ერთენოვან არამეოგრაფიულ წარწერაში, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1989; Церетели Г. В., Армазская надпись эпохи Митридата Иверийского, «Труды двадцать пятого международного конгресса востоковедов» (Москва, 9 – 16 авг. 1960 г.), т, 1, М., 1962; Altheim F., Steiel R., Die aramäische Sprache unter den Achaimeniden Bd. 1, Fr./M., 1963.
გ. გიორგაძე