არმაზციხე

არმაზციხე, ბაგინეთი, ძვ. მცხეთის შიდაციხე მტკვრის მარჯვ. მხარეს, ქალაქის სამხრ. ნაწილში – „დასასრულსა არმაზისა ცხჳრისასა“ (ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა). მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს – ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს: „ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა... და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ-ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი“ (იქვე). სახელწ. „არმაზციხე“ (ბერძნ.-რომაული წყაროებით: ჰარმოზიკე, ჰარმაქტიკა, ჰერმასტუს და ა. შ.) ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება.

გათხრები წარმოებდა 1943 წლიდან (ხელმძღვ. ა. აფაქიძე). აღმოჩნდა სამი მკაფიოდ განსხვავებული კულტ. ფენა: ქვედა (ა. I) უძველესი ქალაქისაა და განეკუთვნება ძვ. წ. IV–III სს.; შუა (ა. II) – ძვ. წ. III – I სს.; ზედა (ა. III) – ძვ. წ. I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის 2 ძირითადი წესი. პირველი: უმთავრესი საშენი მასალა ქვათლილი და ალიზ-აგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკველზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთიმეორესთან ე. წ. უწყვეტითაა გადაბმული; წყობა მშრალია, უდუღაბო. მეორე: მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბიც.

ა-ში აღმოჩენილია გალავნის, კოშკებისა და ბურჯების, სამეფო რეზიდენციის ნაგებობათა (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამისა და მავზოლეუმის ნანგრევები. დიდი რაოდენობის ოქრო-ვერცხლის ნივთებია აღმოჩენილი მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (II ს.). მნიშვნელოვანი საქალაქო და სამეფო ნაგებობანი გადახურული ყოფილა მცხეთური ბრტყელი გვერდებაკეცილი და ღარისებრი კრამიტით.

ა-ის, როგორც პოლიტ. და სტრატეგიული ცენტრის, მნიშვნელობა დაეცა მას შემდეგ, რაც დედაქალაქი გახდა თბილისი. სტეფანოზ I-ის (მთავრის) დროიდან „მცხეთას მოაკლდებოდა და ტფილისი განძლიერდებოდა, არმაზი აღოჴრდებოდა და კალა აშენდებოდა“ (ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა). 735–738 ა. არაბებმა მოაოხრეს. ა-ში არქეოლ. გათხრები განახლდა 1993 მცხეთის აღორძინების ფონდის თაოსნობითა და სახსრებით.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ა ფ ა ქ ი ძ ე  ა., ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, წგ. 1, თბ., 1963; ჯანაშია ს., შრომები, ტ. 6, თბ., 1988; Меликсет-Беков Л., Армази, Тб., 1938.

ა. აფაქიძე