არობელიძე ნათელა შალვას ასული (დ. 3. IV. 1946, ქუთაისი), ბალერინა. საქართვ. სახ. არტისტი (1982).
დაამთავრა თბილ. ქორეოგრაფიული სასწავლებელი (1964). 1965-იდან თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის წამყვანი ბალერინაა. პარტიები: ავრორა, ოდეტა-ოდილია (პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“, „გედის ტბა“), ნიკია (ლ. მინკუსის „ბაიადერა“), ჟიზელი (ა. ადანის „ჟიზელი“), დეზდემონა (ა. მაჭავარიანის „ოტელო“), ფერია (გ. კილაძის „სინათლე“), ჯავარა (დ. თორაძის „გორდა“), ჩელიტა (ლ. მინკუსის „დონ კიხოტი“), ოფელია (რ. გაბიჩვაძის „ჰამლეტი“), საცოლე (ს. ცინცაძის „დალი და მონადირე“), შეჰრეზადა (ვ. ამიროვის „ათას ერთი ღამე“), ჯულიეტა (ს. პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“), სოლო პარტიები პ. ჩაიკოვსკის „პადე-დესა“ და „სერენადაში“, ბესი-ოცნება (ჯ. გერშვინის „პორგი და ბესი“). ა-ს შესრულებას ახასიათებს მოძრაობის სინატიფე, სინარნარე, ფორმის სილამაზე, სიფაქიზე.
1975–77 მუშაობდა ჰანამის ეროვნ. თეატრში წამყვან ბალერინად და პედაგოგად. 1988-იდან მუშაობს ქ. ანკარის საოპერო თეატრში.
ნ. გუნია