არონსონი (Aronson) ჰაუარდ ისააკ (დ. 1936), ამერიკელი ენათმეცნიერი, ჩიკაგოს უნ-ტის პროფესორი, ზოგადი ენათმეცნიერებისა და სლავურ ენათა სპეციალისტი. 1960-იანი წწ. ბოლოდან მუშაობს ქართველოლოგიაში. ავტორია ქართ. ენის პრაქტ. გრამატიკისა სავარჯიშოებითურთ: „ქართული ენა. საკითხავი გრამატიკა“ (ჩიკაგო, 1982). ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევები ქართ. ბრუნებისა და უღვლილების ფორმალური და სემანტიკური ანალიზის, აგრეთვე ჰიპოტაქსის საკითხებზე, მ. შ. აღსანიშნავია სტატიები: „ქართული ბრუნების ფორმალური ანალიზისათვის“ (1969), „ბრუნვისა და სუბიექტის სემანტიკური ანალიზისათვის ქართულში“ (1970), „ზოგიერთი შენიშვნა მიმართებითი წინადადების შესახებ ქართულში“ (1972), „გრამატიკული სუბიექტი ძველ ქართულში“ (1976), „ქცევის, როგორც გრამატიკული კატეგორიის, სტატუსისათვის ქართულში“ (1982), „ფუნქციის ფორმალური კორელატები ქართულ ბრუნებაში“ (1983). ა. ფაკულტატურად კითხულობს ქართ. ენის კურსს ჩიკაგოს უნ-ტში. მოამზადა რამდენიმე ქართველოლოგი. ინიციატორია ჩიკაგოში ჩატარებული კონფერენციებისა (1979, 1983, 1987, 1990, 1993), რ-ებიც მიეძღვნა ყოფ. სსრ კავშირის არასლავურ ენათა სტრუქტურას.
შ. აფრიდონიძე