„არსენას ლექსი“, ქართული ზეპირსიტყვიერების ძეგლი. მრავალ ვარიანტად ცნობილი, თექვსმეტმარცვლოვანი შაირით გამართული მესტვირული პოემა. შექმნილია XIX ს. 40-იან წლებში უცნობი მესტვირის მიერ (პოემის ავტორად ზოგი მკვლევარი რაჭველ ანდრია ნადირაძეს მიიჩნევს, ზოგი – ქართლელ გიორგი ქებაძეს). ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლი გმირის არსენა ოძელაშვილის თავგადასავალი XIX ს. 30-იანი წწ. საქართვ. სოც.-პოლიტ. ვითარების ფონზეა გაშლილი. „ა. ლ.“ ხალხ. მესტვირული პოეზიის ტრადიციებზეა შექმნილი, მაგრამ მისი მნიშვნელობა სცილდება ამ ჟანრის ფარგლებს; იგი ქართ. ფოლკლორის ღირშესანიშნავი ეპიკური ნაწარმოებია. „ა. ლ-ში“ თხრობა უაღრესად დინამიკურია, იუმორით შეზავებული. სადა, ლაკონიური პოეტური ენა ბევრგან აფორისტული ხასიათისაა. მიუხედავად ზოგიერთი ეპიზოდის ფრაგმენტულობისა, პოემაში დახატულია იმდროინდელი ქალაქური და სოფლური ყოფის კოლორიტული სურათები, რელიეფურადაა გამოკვეთილი ბევრი პერსონაჟი. განსაკუთრებით გამოირჩევა არსენას მხატვრული სახე, განათებული ღრმა შინაგანი რწმენით, სიკეთით, რაც. ფიზ. სიქველესთან ერთად გმირის ყოველ მოქმედებას თან ახლავს. მასში განცხადებულია სრულყოფილი ვაჟკაცის, სახ. გმირის იდეალი, რ-იც ქართვ. ხალხს ხანგრძლივი დროის მანძილზე ჩამოუყალიბებია. „ა. ლ.“ საქართველოში ძალზე პოპულარული ნაწარმოები იყო, ვრცელდებოდა როგორც ზეპირი გზით, ისე წიგნის მეშვეობითაც. „ა. ლ-ის“ გარდა არსენას შესახებ არსებობს ხალხ. ლექსებისა და გადმოცემების ციკლი. „ა. ლ.“ ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, მ. ჯავახიშვილის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძისა და სხვათა ზოგი თხზულების წყარო გახდა. მრავალგზის გამოიცა ცალკე წიგნად; პირველად – 1872. რუს. ენაზე თარგმნეს ა. ჩაჩიკოვმა (1937) და ვ. დერჟავინმა (1958).
ტექსტი: არსენას ლექსი. ქართული ხალხური ეპოსი, თბ., 1988.
ლიტ.: [მესხი ს.], არსენა [რეც.], «დროება», 1872, 11 თებ. № 6 (კრიპტ.: ს. მ.); [უმიკაშვილი პ.] არსენა, «კრებული», 1872, № 7 (ფსევდ. მ. პეტრიძე); ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, ქს. სიხარულიძის გამოც., [ტ.] 3, თბ., 1967, გვ. 303 – 322; ჩიქოვანი მ., ქართული ფოლკლორი, წგ. 1, თბ., 1938.
ქ. სიხარულიძე