არსენ იყალთოელი (1050-იანი წწ. – 1130-ის ახლოს), საეკლესიო და კულტურის მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი, ფილოსოფოსი. წყაროებში ზოგჯერ ვაჩეს ძედ იხსენიება. ა. ი. უნდა იყოს არსენ კალიპოსელი (ამ თვალსაზრისს არ იზიარებს კ. კეკელიძე). გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება, რომ ა. ი. არის იგივე არსენ ბერი (დავით რექტორი, პ. იოსელიანი, ა. ხახანაშვილი, მ. ჯანაშვილი, ზ. ჭიჭინაძე, პ. ინგოროყვა, ი. ლოლაშვილი, ე. გაბიძაშვილი). მკვლევართა ნაწილი არსენ ბერს მიიჩნევს დავით აღმაშენებლის ისტორიის ავტორად, რაც გამორიცხავს მის გაიგივებას ა. ი-თან (ს. კაკაბაძე, კ. კეკელიძე, კ. გრიგოლია, ჯ. ოდიშელი).
ა. ი-ის ბიოგრაფიაზე ძალიან მწირი ცნობებია შემორჩენილი მისსავე ანდერძ-მინაწერებში და იმდროინდელი თუ გვიანდელი ავტორების თხზულებებში. დაბადებულა კახეთში, სოფ. იყალთოში (აქედან _ მისი ზედწოდება), იქვე აღკვეცილა მონასტერში მონაზვნად. განათლება, როგორც ჩანს, კონსტანტინოპოლში, მანგანის წმ. გიორგის მონასტერთან ბიზანტ. იმპ. კონსტანტინე მონომაქოსის მიერ დაარსებულ საღვთისმეტყველო აკადემიაში მიუღია; იქ მოღვაწეობდნენ „ბიზანტიური რენესანსის“ წარმომადგენლები მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი. მხოლოდ იქ შეეძლო ა. ი-ს შეეთვისებინა ის მოწინავე იდეები და საღვთისმეტყველო-ფილოს. შეხედულებები, რ-ებითაც გამსჭვალულია მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მანგანიდან იგი წასულა შავ მთაზე (სირიაში), სიმეონ საკვირველთმოქმედისა და კალიპოსის მონასტრებში, სადაც ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით შესდგომია ლიტერატურულ საქმიანობას. სავარაუდოა, რომ ეფრემ მცირის გარდაცვალების შემდეგ (XI ს. ბოლო) ა. ი. კვლავ მანგანის წმ. გიორგის მონასტერში დაბრუნდა. XII ს. დასაწყისიდან ა. ი. საქართველოში ჩამოვიდა (ალბათ დავით აღმაშენებლის მოწვევით), ის აქტიურად მონაწილეობდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების 1104 მუშაობაში, ერთ-ერთი ინიციატორი იყო გელათის აკადემიის დაარსებისა, სადაც ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. შემდეგ დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში და ხელი შეუწყო იქ ქართ. მწიგნობრული კერის აყვავებას. ტრად. გადმოცემით, მანვე დააარსა იყალთოს აკადემია, სადაც, ალბათ, დაკრძალეს. საგანმან.-სამეცნ. ღვაწლისთვის თანამედროვენი მას უწოდებენ „განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათა“ (დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი).
ა. ი-ის მიერ სათარგმნელად შერჩეული შრომები მოწმობენ, რომ იგი ფილოსოფიიდან იღებდა მხოლოდ იმას, რაც გამოსადეგი იყო ქრისტ. დოგმატიკისთვის, კერძოდ – მოძღვრებას დასაბუთებაზე. ამან განაპირობა მისი განსაკუთრებული ინტერესი არისტოტელეს მოძღვრებისადმი, ასევე მის მიერ იოანე დამასკელის „ცოდნის წყაროს“ თარგმნა იმ ნაწილების გარეშე, სადაც ფილოსოფია წარმოდგენილია მსოფლმხედველობის სახით.
ა. ი-ის ბერძნულიდან ნათარგმნ თხზულებათაგან ზოგიერთს საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა ქართ. ლიტ-რის ისტორიაში, მ. შ. აღსანიშნავია: „დიდი სჯულისკანონი“ – მართლმადიდებლური ქრისტ. ეკლესიის ძირითადი კანონიკური კოდექსის – ნომოკანონის (883) თარგმანი; „დოგმატიკონი“ – რჩეული პოლემიკური თხზულებებისაგან შედგენილი კრებული, რ-მაც სათავე დაუდო დოგმატიკურ-ფილოს. აზრის განვითარებას საქართველოში; გიორგი ამარტოლის „ხრონოღრაფი“; ანდრია კრეტელის ჰიმნოგრაფიულ-ლიტურგიკული თხზულება „დიდი კანონი“ ანუ „სინანულის კანონი“, რ-ის გავლენითაც დაწერა დავით აღმაშენებელმა „გალობანი სინანულისანი“. ა. ი-ს უთარგმნია აგრეთვე რამდენიმე ბერძნ. ჰაგიოგრაფიული თხზულება.
თუ სწორია მოსაზრება ა. ი-ისა და არსენ ბერის იგივეობის შესახებ, მაშინ მასვე უნდა მივაკუთვნოთ ყველა ის ორიგინ. ნაშრომი, რ-ის ავტორადაც ზოგი მკვლევარი არსენ ბერს მიიჩნევს.
ა. ი-ს მიაკუთვნებენ აგრეთვე „დოგმატიკონში“ ჩართულ პოლემიკურ თხზულებას „ჴსენებაჲ სიტყჳს-გებისაჲ“ და დავით აღმაშენებლის საფლავის ეპიტაფიას. ა. ი-ის ლიტერატურული მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილია გამოცემული.
გამოც.: დიდი სჯულისკანონი. გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ, თბ., 1975.
ლიტ.: გაბიძაშვილი ე., რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბ., 1978; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ლოლაშვილი ი., მეტაფრასული „ნინოს ცხოვრების“ ავტორის ვინაობისათვის, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1974, № 4; მისივე, არსენ იყალთოელი, თბ., 1978; ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958.
ე. გაბიძაშვილი