არსიანის ქედი, მდინარეების ჭოროხისა და მტკვრის აუზების წყალგამყოფი ქედი თურქეთსა და საქართველოში. სიგრძე 150 კმ, საშ. სიმაღლე 2000–2500 მ, უმაღლესი წერტილია მწვ. არსიანი (3165 მ). ქედის სამხრ. და შუა ნაწილი თურქეთშია, ჩრდ. ნაწილი – საქართველოში. აგებულია თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, გვიანდ. მესამეული ასაკის გოდერძის წყებითა და ვულკანოგენური ეოცენური ნალექებით. ქედის კალთები ღრმადაა დანაწევრებული ჭოროხის, აჭარისწყლის, ქვაბლიანის, ფოცხოვისწყლისა და სხვა მდინარეთა ხეობებით. თხემზე შემორჩენილია ძვ. გამყინვარების ნიშნები. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: გოდერძის უღელტეხილი და აბანოსყელი; მთები – თლილი, ჭანჭახი, ცივწყარო. ქედის კალთებზე მთა-ტყის, ხოლო თხემზე მთა-მდელოს ლანდშაფტია.
მ. უთმელიძე