არსუკისძე (გ. 1029), ქართველი ხუროთმოძღვარი, მცხეთის სვეტიცხოვლის აღმშენებელი. მისი სახელი ამოკვეთილია ორგან: ტაძრის აღმ. ფასადზე, შუა თაღის ქვემოთ, მედალიონებში და ჩრდ. ფასადის მთავარი სარკმლის ზემოთ ორ ქვაზე, რ-თა შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფური გამოსახულებით. წარწერა ასეთია: „ჴელი მონისა არსუკისძისაჲ. შეუნდვეთ“. ტაძრის აგება დაუწყიათ 1010 მელქისედეკის კათალიკოსად კურთხევისთანავე და დაუსრულებიათ 1029. უეჭველია, რომ ა-მ გამოიყენა ძველი, V–VI სს. სვეტიცხოვლის ცალკეული ნაწილები და ფრაგმენტები, მაგრამ, არსებითად, მან სრულიად ახალი, დამოუკიდებელი ნაწარმოები შექმნა. სვეტიცხოვლის საერთო პროპორციები, მისი გარეგანი მასების ჰარმონიული წყობა, გრანდიოზული შინაგანი სივცრე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობის გააზრებული სისტემა, რთულ ტექ. ამოცანათა დაძლევა მოწმობს როგორც მთელი იმდროინდელი ქართ. ხუროთმოძღვრების სრულ მხატვრულ მომწიფებას, ისე - თვით არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტ. გამოცდილებასა და ოსტატობას. ა. უნდა იყოს ტაძრის დას-ით მდებარე კარიბჭის მშენებელიც (ტაძრისა და კარიბჭის ერთდროულობა ეჭვს არ იწვევს).
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.
ვ. ბერიძე