არტაანის ოკრუგი, რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ყარსის ოლქის შემადგენლობაში. შეიქმნა 1883 წ. 12 ივნისს, მას შემდეგ, რაც ეს მხარე დათმო რუსეთ-ოსმალეთის ომში დამარცხებულმა ოსმალეთმა. მოიცავდა ისტ. სამხრ.-დას. საქართველოს (მესხეთის) სამხრ,-აღმ. ნაწილს. მის შემადგენლობაში შედიოდა: კოლა, არტაანი, ჩილდირი (ჩრდილი) და სამცხის სამხრ. ნაწილი ფოცხოვი (ანუ ყარსის ოლქის ცენტრ. ჩრდ. ნაწილი). 1883 იგი დაიყო არტაანის, კოლის, ჩილდირისა და ფოცხოვის უბნებად. 1900 მასში შემავალი საპოლიციო უბნები სასოფლო საზ-ბებად დაყვეს.
ა. ო-ს აღმ-ით და სამხრ-ით ესაზღვრებოდა ყარსის ოკრუგი, რ-განაც აღბაბის მთაგრეხილითა და ყარსის ქედით გამოიყოფოდა, სამხრ.-დას-ით ყანლუს მთაგრეხილით ემიჯნებოდა ყარსის ოლქის ოლთისის ოკრუგს; დას-ით ართვინისა და ბათუმის ოკრუგები ესაზღვრებოდა და მათი გამყოფი სასაზღვრო ხაზი არსიანის ქედს გასდევდა, ჩრდ-ით თბილისის გუბ. ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებისაგან იმიჯნებოდა მდ-ებით ფოცხოვით, ჯაყით, ქარზამეთით, მტკვრითა და თილილის, შამბაბელისა და არტაანის მთებით. ა. ო-ში, განსაკუთრებით კოლის, არტაანისა და ჩილდარის (ჩრდილი) უბნებში, მოსახლეობის მნიშვნელოვან უმრავლესობას თურქები, თურქმენები, ყარაფაფახები და ქურთები შეადგენდნენ, სხვა ერების წარმომადგენლები – სომხები, ბერძნები, რუსები – უმნიშვნელო რაოდენობით იყვნენ. 1883 აღწერით, აქ 9 სული ქრისტიანი და 6 მაჰმადიანი ქართველი (აჭარელი) ყოფილა; ა. ო-ის ყველაზე ქართული რეგიონი ფოცხოვის უბანი იყო. ა. ო-ის უბნები ეკონ.-გეოგრ. ერთეულებს წარმოადგენდნენ. არტაანისა და კოლის უბნების მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა, ჩილდირის უბანი-მესაქონლეობას, ხოლო ფოცხოვის უბანში განვითარებული იყო მებაღეობა.
ა. ო. ყარსის ოლქის სამხრ. ნაწილისაგან მტკვრისა და არაქსის აუზების წყალგამყოფი ყარსის ქედით იყო გამოყოფილი და მტკვრისა და ფოცხოვის ხეობების ზემო წელს მოიცავდა. ეკონ.-გეოგრ. თვალსაზრისით თბილისის გუბერნიასთან იყო დაკავშირებული.
1918 წ. 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებით, რუსეთმა თურქეთს დაუთმო ყარსის, არტაანისა და ბათუმის მხარეები. I მსოფლიო ომში (1914–18) თურქეთის დამარცხების შემდეგ, 1919–20, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მესხეთის უდიდესი ნაწილის შემოერთება შეძლო და ა. ო., ისტ. მესხეთი, საქართველოს დაუბრუნდა. 1921 საბჭ. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ თურქეთმა არტაანის მხარის ოკუპაცია მოახდინა. 1921 რუსეთ-თურქეთის მოსკოვის ხელშეკრულებით ა. ო. თურქეთმა შეიერთა.
ლიტ.: ნოზაძე ვ., საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989; ცინცაძე ზ., ჭოროხის აუზის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში კრ.: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, [ტ.] 9, თბ., 1980.
ზ. ცინცაძე