არაოქტავური კილოები, ბგერათრიგის სისტემები, რ-ებშიც ოქტავით დაშორებულ ბგერებს არა აქვთ ერთი და იგივე ფუნქცია.
ა. კ. ისტორიულად ოქტავურ კილოებზე ადრე ჩამოყალიბდა და დღესაც მრავალი ხალხის (მ. შ. ქართველების) მუს. სისტემის საფუძველს წარმოადგენს. ა. კ-ს ზოგჯერ გაფართოებულ ან ზეოქტავურ კილოებსაც უწოდებენ, რადგან მათი დიაპაზონი სცილდება ოქტავის ფარგლებს. ა. კ-ის ცნობილი სახეებია კვარტული და კვინტური დიატონიკის კილოები. ამ კილოურ სისტემებში ბგერათრიგი შედგება ერთმანეთზე გადაბმული მსგავსი კონსტრუქციის რგოლებისაგან. მაგ., კვარტული დიატონიკის კილოთა აგებულება იქნება: დო, რე, მი, ფა (I რგოლი), ფა-სოლ-ლა-სი ბემოლი (II რგოლი), სი ბემოლი, დო, რე, მი ბემოლი (III რგოლი), მი ბემოლი, ფა, სოლ, ლა ბემოლი (IV რგოლი) და ა. შ. რეალურად გამოიყენება ამ კილოური სისტემის 2 – 3 (იშვიათად – მეტი) რგოლი.
მსგავს კილოს ვხვდებით აღმ. საქართველოს სუფრულ სიმღერებში. კვინტური დიატონიკის კილოებში პირველადი რგოლი 5 საფეხურისაგან შედგება და ყოველი მომდევნო რგოლიც შესაბამისად იმეორებს ხუთბგერიან მობინაციას. კვინტური დიატონიკის კილოებს ფართოდ იყენებენ დას. საქართველოს მუს. ფოლკლორში, განსაკუთრებით, რთულ პოლიფონიურ გურულ სიმღერებში (აქ მრავალხმიან ქსოვილში ხანდახან გამოყენებულია 4 კვინტური რგოლი).
ლიტ.: ქართული ხალხური სიმღერის კილო, მელოდიკა და რიტმი, თბ., 1983; Кушнарев Х. С., Вопросы истории и теории армянской монодической музыки, Л., 1958.
ს. ჟორდანია