არატემპერაცია, ბგერათრიგის სისტემა, (ქართ. ხალხ. მუსიკაში), რ-იც არ ეყრდნობა ტემპერაციას.
დამახასიათებელია საერთოდ ხალხური (მ. შ. ქართული) მუს. შემოქმედებისათვის. ტემპერაცია (ოქტავური ბგერათრიგის თანაზომიერი დაყოფა 12 ნახევარტონად) ევროპულ პროფ. მუსიკაში დამკვიდრდა XVI – XVII სს-ში და დღემდე მიღებულია თანამედროვე ტემპერირებული საკრავების (ფორტეპიანო, ორღანი) ასაწყობად. ქართ. ხალხ. მუსიკაში მრავალი ინტერვალი ა-ის შესაბამისად ნეიტრალურად ჟღერს, მაგ., ტერცია აქ ხშირად არც დიდია, არც მცირე, ის უმეტესად მათ შორისაა, ნეიტრალურია, ასევე ნეიტრალურია სეკუნდა, სექსტა, სეპტიმა. შედარებით მყარია კვარტისა და კვინტის ინტერვალები. ა. მნიშნველოვნად ართულებს ქართ. ხალხ. და ძვ. პროფესიული მუს. ნიმუშების სანოტო სისტემაზე გადატანას, რადგან ეს უკანასკნელი ტემპერაციის პრინციპზეა აგებული.
ა-ის გამო ქართ. ხალხ. მუსიკის ნიმუშები არ ჟღერს სრულყოფილად თანამედროვე ტემპერირებულ საკრავებზე. ქართ. ხალხ. სიმღერების თანამედროვე საშემსრულებლო პრაქტიკაში ა. თანდათანობით შეავიწროვა ტემპერაციამ. გამოჩნდა ტემპერირებული წყობის ქართ. ხალხ. საკრავებიც (სალამური, ფანდური). ეს მოვლენა ტრადიციულად არ ახასიათებს ქართ. ხალხ. მუს. შემოქმედებას და ბუნებრიობას უკარგავს ქართ. ხალხ. ვოკალური და საკრავიერი მუსიკის ნიმუშებს.
ს. ჟორდანია