არტაგი, 1. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართლის მეექვსე მეფე, ძე არშაკისა (დაახლ. ძვ. წ. II ს. II ნახ.). მის დროს ქართლს შემოესია სპარსელთა ლაშქარი და ააოხრა ქვეყანა. 2. ქართლის მეფე, ბერძნ. წყაროებში არტოკედ იხსენიება. მისი მეფობის დროს იბერიაში (ძვ. წ. 65) შემოიჭრა რომის მხედართმთავარი პომპეუსი. ა. მოუმზადებელი შეხვდა მტრის შემოსევას, მიატოვა არმაზციხე, გადავიდა მტკვრის მარცხ. ნაპირზე და ხიდი დაწვა. პომპეუსთან შეთანხმების შემდეგ ხიდი კვლავ ააგო, მაგრამ, როცა პომპეუსი მტკვარზე გადავიდა, ვერ გაბედა რომაელებთან შეხვედრა და არაგვის ხეობას შეაფარა თავი. პომპეუსმა გადალახა არაგვი და ა. დაამარცხა. ა-მა ზავი ითხოვა, შვილები მძევლად მისცა და თავი რომაელი ხალხის „მეგობრად და მოკავშირედ“ აღიარა, ე. ი. ფორმალურად მიიღო რომის ვასალობა (იხ. აგრეთვე პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში ძვ. წ. 65). არსებობს მოსაზრება (პ. ინგოროყვა, გ. მელიქიშვილი), რომ ორივე ა. ერთი და იგივე პირია.
წყარო: დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ, ნ. ლომოურის გამოც., თბ., 1966.
ნ. ლომოური