არტანუჯი, ციხე-ქალაქი სამხრ.-დას. საქართველოში, ისტორიულ კლარჯეთში, მდ. არტანუჯისწყლის მარცხ. ნაპირზე. სახელწ. წარმოდგება ლაზური არტაან (იშ) ყუჯ-ისაგან – არტანუჯი, რაც ნიშნავს „არტაანის ყურს“. ამ გაგებით: არტაანის ყურე, არტაანის კარი. ქართ. წყაროების მიხედვით, სოფ. არტანუჯის კლდეზე ციხის აგება ვახტანგ გორგასალს (V ს.) დაუვალებია თავის ძუძუმტე არტავაზისთვის და თვითონვე დაუნიშნავს იქაურ ერისთავად. მეფეს ციხე საგანგებო შემთხვევაში სამეფო თავშესაფრად ჰქონია გამიზნული. VIII ს. I ნახევარში ა. არაბმა სარდალმა მარვან იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ) დაანგრია; IX ს-ში იგი განაახლა აშოტ I კურაპალატმა. ციხეში ააშენა ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულთა სახელზე, ხოლო ციხის ძირას გააშენა ქალაქი. ამ დროიდან იხსენიება ქართველთა საკურაპალატოს ცენტრად. არტანუჯის ციხის ეკლესიაშია დაკრძალული აშოტ კურაპალატი. X ს. ბიზანტ. წყაროს (კონსტანტინე პორფიროგენეტი) ცნობით, ა. ძლიერ ყოფილა გამაგრებული და დიდი რაბათიც (საცხოვრ. უბანი, ბაზარი) ჰქონია. მაშინ აქ მოდიოდა საქონელი ტრაპეზუნტიდან, იბერიიდან, აბაზგიიდან, არმენიიდან და სირიიდან. ა-ის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართვ. ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენლები არტანუჯელის ტიტულს ატარებდნენ. არტანუჯის ერისთავები ქართველთა მეფის ერთგული მოხელენი იყვნენ და დიდ დახმარებას უწევდნენ მას ბაღვაშთა წინააღმდეგ ბრძოლაში (XI ს.). XIII ს-იდან ა. სამცხის ათაბაგთა გამგებლობაში იყო. 1553 იგი თურქებმა დაიპყრეს. XII ს-ში არტანუჯის ციხეს აკრავდა რაბათი. XVII–XVIII სს-ში ა. ადმ. ერთეულის არტანუჯის ლივის ცენტრი იყო. ამჟამად სოფელია და თურქეთის საზღვრებშია.
წყარო: ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, გ. ალასანიას გამოც., თბ., 1978; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი. 1694 – 1732 წწ. ც. აბულაძის და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979.
ლიტ.: შანიძე ა., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2, თბ., 1981; ჯანაშია ს., შრომები, [ტ.] 5, თბ., 1987.
დ. ბერძენიშვილი