არტოზანი

არტოზანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ამავე სახელწოდების ნასოფლარზე. მდებარეობს თელავიდან 10 კმ-ზე, მდ. თურდოს ნაპირას, სოფ. რუისპირის სამხრ-ით. იგი შუამთის მონასტერს ექვემდებარებოდა. წყაროებიდან ცნობილია, რომ ა-ში მოღვაწეობდნენ ასურელი მამები შიო და ანტონი, რამაც ხელი შეუწყო შემდგომში აქ სამონასტრო ცხოვრების განვითარებასა და მის კულტ. კერად ქცევას. ა-ის კომპლექსის ნაგებობათაგან აღსანიშნავია ყველაწმინდის სამეკლესიიანი ბაზილიკა (VII– VIII სს.). შენობა ნაგებია თანაბარი ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. კედლის კუთხეები, პილასტრები და თაღები გათლილი შირიმისაა. მაღალ და ფართო შუა ეკლესიას გვერდის ეკლესიებში თითო გასასვლელი აქვს. სამივე ნავი აღმ-ით ნალისებრი აფსიდებითაა დასრულებული. დასავლეთის გარსშემოსავლელი ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებს. ბაზილიკის გეგმა რთულია და მხატვრულად დასრულებული. კომპლექსში შემორჩენილია აგრეთვე საცხოვრ. ნაგებობისა და მარნის (XVI–XVII სს.) ნანგრევები.

ლიტ.: ჩიკოიძე ც., არტოზანის სამონასტრო კომპლექსი, «ძეგლის მეგობარი», 1984, № 68.