არქეოლოგია (ბერძნ. arcaios – ძველი და logos – სიტყვა, მოძღვრება), მეცნიერება, რ-იც კაცობრიობის ისტორიას სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით. არქეოლ. ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზ-ბის განვითარების ისტორიის უძველესი პერიოდის შესასწავლად. ა-ს დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიის შესასწავლადაც. არქეოლ. კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგების აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც. ა. იყენებს ნივთიერი ძეგლების ასაკის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს. ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლ. ძეგლები ისტ. წყაროდ იქცევა. ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ხდება ძვ. საზ-ბათა კულტურისა და სოც.-ეკონ. მდგომარეობის რეკონსტრუქცია.
სიძველეებისადმი ინტერესს უძველესი დროიდანვე იჩენდნენ. ძვ. წ. VI ს-ში ბაბილონში თხრიდნენ სასახლეთა ნანგრევებს და აღრიცხავდნენ მონაპოვარს. ტერმინი „არქეოლოგია“ სიძველეთმცოდნეობის მნიშვნელობით პირველად გამოიყენა პლატონმა (ძვ. წ. IV ს.). სიძველეთა შესწავლას დიდი ყურადღება დაეთმო ძვ. რომში. რომაელმა პოეტმა ლუკრეციუსმა (ძვ. წ. I ს.) გამოთქვა ჰიპოთეზა ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანის მონაცვლეობის შესახებ. არქეოლ. სიძველეებისადმი ინტერესი გაცხოველდა რენესანსისა და მომდევნო ხანაში, განსაკუთრებით XVIII ს-ში. ამავე საუკუნეში დაიწყო არქეოლ. გათხრები მეცნ. მიზნით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პომპეის გათხრებს, რომელიც დაიწყო 1748. XVIII ს-ში შეიქმნა პირველი არქეოლ. საზოგადოებები, ჟურნალები, მუზეუმებში დაგროვდა დიდი რაოდენობის არქეოლ. კოლექციები. XIX ს-ში დაიწყო „დიდი არქეოლოგიური აღმოჩენების“ ეპოქა, რ-იც ფაქტობრივად დღემდე გრძელდება.
საქართველოში არქეოლ. ფაქტების მეცნ. ანალიზის პირველი ცდები ჩანს XIX ს. შუა წლებიდან თეიმურაზ ბაგრატიონის, მ. ბარათაშვილის, პ. იოსელიანის, დ. ბაქრაძისა და სხვ. ნაშრომებში. ამ პერიოდს უკავშირდება რუს. საიმპერატორო გეოგრ. საზ-ბის კავკ. განყ-ბის (1850), კავკასიის მუზეუმისა (1852) და კავკ. არქეოლ. მოყვარულთა საზ-ბის (1873) საქმიანობაც. არქეოლ. კვლევა-ძიება გაძლიერდა XIX ს. 60-იანი წლებიდან. საქართვ. სამხ. გზის გადაადგილება-გაფართოებასთან დაკავშირებით აღმოჩნდა ე. წ. ვესპასიანეს წარწერა 75 წლისა, სამთავროს ველზე – სამაროვანი და სხვ. მაგრამ იმხანად საქართველოში არც საკუთრივ სწავლული არქეოლოგი იყო, არც საგანგებო საარქეოლოგიო სამეცნ, დაწესებულება, ამიტომ სიძველეთა კვლევის დაწინაურებისათვის თავდადებით იღვწოდნენ ფართო საისტორიო პროფილის მეცნიერები (დ. ბაქრაძე, ე. თაყაიშვილი, პ. იოსელიანი, მ. ბარათაშვილი და სხვ.).
XX ს. დამდეგიდანვე არქეოლ. სამუშაოებს უძღვებოდნენ საქართვ. (1919-მდე კავკ.) მუზეუმი და საქართვ. საისტორიო-საეთნოგრაფიო საზ-ბა ს-ის. XX ს. 20-იან წლებში დაიწყო არქეოლ. მეცნიერების გეგმაზომიერი განვითარებისათვის ზრუნვა, სწავლულ არქეოლოგთა მომზადება. ამ მიზნით რუსეთსა და გერმანიაში ხანგრძლივად გაიგზავნა გ. ნიორაძე. 1925 ი. ჯავახიშვილის წინადადებით ისტ. მეცნ. დოქტ. გ. ნიორაძე სათავეში ჩაუდგა არქეოლ. კვლევა-ძიებას საქართველოს მუზეუმში და ერთდროულად ახალგაზრდა სპეციალისტ-არქეოლოგთა აღზრდას თსუ-ში. შემდგომში ეს სამუშაოები ხორციელდებოდა საქართვ. არქეოლ. ინ-ტისა და, განსაკუთრებით დიდი მასშტაბით, ენის ისტ. და მატერ. კულტურის ინ-ტის ხაზით. XX ს. 80-იანი წლების ბოლოსათვის საქართველოში არქეოლ. კვლევა-ძიებას ეწეოდა 300-ზე მეტი მეცნიერი თანამშრომელი (მ. შ. 100-მდე მეცნიერებათა დოქტორი და კანდიდატი). რესპ. მეცნ. აკადემიაში ამ დარგს 4 აკადემიკოსი და აკად. წევრ-კორ. წარმოადგენს. არქეოლ. სამეცნ.-კვლევითი კერებია: ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმი, საქართვ. მეცნ. აკადემიის არქეოლ. კვლევითი ცენტრი, თსუ არქეოლ. კათედრა, საქართვ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმი, აფხ., ბათუმისა და ცხინვალის სამეცნ.-კვლ. ინ-ტები, აგრეთვე, ისტ.-ეთნოგრ. და მხარეთმცოდნეობის მუზეუმები. შექმნილია მძლავრი თანამედროვე, სამეცნ. არქეოლ. ბაზები მცხეთაში, სიღნაღში, ნასტაკისში, თბილისში, ვანში, ბიჭვინთაში, კავთისხევში და მესტიაში. არქეოლ. კვლევა-ძიებას წარმართავს საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული საქართვ. არქეოლ. კომისია.
საქართველოს ა-ის მრავალი წარმატება დაკავშირებულია ახალმშენებლობებთან თრიალეთში (ხრამჰესი), ენგურის ხეობაში (ენგურჰესი), დუშეთის მუნიციპ-ში (ჟინვალჰესი), ალაზნის ველზე (სარწყავი სისტემა), კოლხეთის დაბლობზე (სამელიორაციო სამუშაოები), ქართლის ველზე (სარწყავი სისტემები), ქვემო ქართლში (მარაბდა – ახალქალაქის რკინიგზა) და სხვ. მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენებია მცხეთაში, ჟინვალში, კახეთში, ვანში, რიონის სათავეებში, აფხაზეთი (ბიჭვინთა), აჭარაში, შიდა და ქვემო ქართლში. ფართოვდება ახალაღმოჩენილი ძეგლებისა და კვლევის შედეგების პუბლიკაცია. XX საუკუნის დამდეგიდან ქართ., რუს. და უცხ. ენებზე გამოქვეყნებულია 2000-მდე არქეოლ. ნაშრომი. დაარსდა სერიული გამოცემები (იხ. სტ. არქეოლოგიური ჟურნალები). ახალაღმოჩენილ ძეგლთა მონოგრაფიული გამოკვლევისათვის მიენიჭათ ბ. კუფტინს – სსრკ სახელმწ. პრემია (1942), ა. აფაქიძეს – ს. ჯანაშიას სახ. პრემია (1964) და საქართვ. სახელმწ. პრემია (1982), ო. ჯაფარიძეს – ი. ჯავახიშვილის სახ. პრემია (1970), ი. კიკვიძეს – ს. ჯანაშიას სახ. პრემია (1979), ლ. ჭილაშვილს – ს. ჯანაშიას სახ. პრემია (1982), თ. კიღურაძეს – ს. ჯანაშიას სახ. პრემია (1988). ძვ. საზ-ბის სოც.-ეკონ. განვითარებისა და კულტ. ყველა საფეხურის არქეოლ. ძეგლების კვლევის საფუძველზე ავტორთა ჯგუფმა (ა. აფაქიძე, ა. კალანდაძე, ნ. ბერძენიშვილი, გ. გობეჯიშვილი, გ. ლომთათიძე, ნ. ხოშტარია, ო. ჯაფარიძე) შექმნა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო – „საქართველოს არქეოლოგია“ (1959), გამოიცა „არქეოლოგიური ლექსიკონი“ (1980, ა. აფაქიძის რედაქციით). მონოგრაფიულად არის შესწავლილი პალეოლითისა და ნეოლითის ხანის ნამოსახლარები (გ. ნიორაძე, ა. კანადაძე, ნ. ბერძენიშვილი, დ. თუშაბრამიშვილი, ლ. ნებიერიძე, გ. გრიგოლია, ლ. წერეთელი, მ. გაბუნია, თ. კიღურაძე, მ. ნიორაძე, კ. კალანდაძე, თ. ბუგიანიშვილი, გ. ჯავახიშვილი, ზ. ქიქოძე, ლ. სოლოვიოვი, გ. ლიუბინი და სხვ.). შემუშავდა ქვის ხანის ნამოსახლართა პერიოდიზაცია; დახასიათებულია მწარმოებლური მეურნ. ფორმები და უდიდესი წინსვლა საზ-ბის ისტორიაში – ნეოლითური რევოლუცია, რ-მაც არსებითად დაასრულა პირველყოფილი საზ-ბის საფეხური. შესწავლილია კლასიკური ძეგლებით წარმოდგენილი ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურა (ბ. კუფტინი, ა. ჯავახიშვილი, ო. ჯაფარიძე, ლ. ღლონტი, ტ. ჩუბინაშვილი, ი. კიკვიძე, თ. კიღურაძე, გ. მირცხულავა, გ. ფხაკაძე, გ. ქავთარაძე, მ. ბარამიძე, ა. რამიშვილი, კ. კახიანი და სხვ.), რ-იც დამახასიათებელია დიდი ეთნოკულტ. მხარისათვის. შუა და გვიანდ. ბრინჯაოს ხანის კლასიკური ძეგლების აღმოჩენა-შესწავლის შედეგად გამოიკვეთა კავკ. ცივილიზაცია (ა. აფაქიძე); შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხთა ბრწყინვალე კულტურა აღმოჩნდა თრიალეთში (ბ. კუფტინი, გ. გობეჯიშვილი, ო. ჯაფარიძე, ე. გოგაძე, კ. კახიანი), კახეთში (კ. ფიცხელაური, შ. დედაბრიშვილი, ო. ჯაფარიძე), სამცხე-ჯავახეთსა (ო. ჯაფარიძე, ო. ღამბაშიძე) და კოლხეთში (გ. გობეჯიშვილი, გ. ფხაკაძე, მ. ბარამიძე, ე. გოგაძე, თ. მიქელაძე, ვ. ბჟანია, ი. წვინარია). აღმოჩნდა და გაითხარა ბედენის გორასამარხები, გამოიყო ბედენის არქეოლ. კულტურა (გ. გობეჯიშვილი). გვიანდ. ბრინჯაოს ხანის კავკასიური ცივილიზაციის უნიკალური ძეგლები გაითხარა სოფ. თლიაში (ჯავის მიდამოები, ბ. ტეხოვი).
გამოვლინდა ისტ. ქართ. თემების კულტ.-მეურნეობრივი ერთობა. ასევე ღრმა ფესვები უჩანს ქართვ. ტომთა შემდგომ, უფრო მკაფიო კონსოლიდაციას გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანაში (ბ. კუფტინი, ა. კალანდაძე, კ. ფიცხელაური, ბ. ტეხოვი, რ. აბრამიშვილი, გ. ლომთათიძე, დ. ქორიძე, გ. ქავთარაძე, ა. აფაქიძე). არქეოლ. გამოკვლევებმა ახლებურად გააშუქეს რკინის მეტალ. დაწინაურების ადრეული საფეხურები და კაცობრიობის ცივილიზაციის ამ უდიდესი მონაპოვრის კავკ. ფესვები, მისი კავშირი ბრინჯაოს ადგილ. მეტალურგიასთან (ა. კალანდაძე, გ. გობეჯიშვილი, გ. ლომთათიძე, ი. გძელიშვილი, ფ. თავაძე, ნ. აბესაძე, თ. საყვარელიძე, გ. ინანიშვილი, დ. ხახუტაიშვილი და სხვ.). საგანგებო ყურადღება მიექცა ანტ. და ფეოდ. ხანის ნაქალაქარების (მცხეთა, ფასისი, ვანი, დიდი პიტიუნტი, ნოქალაქევი, დიოსკურია, ფიჭვნარი, ურბნისი, დმანისი, რუსთავი, ჭერემი, გავაზი, თბილისი და სხვ.), სახელდობრ, ქალაქთწარმოქმნის პროცესების კვლევას (ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, გ. ნიორაძე, გ. წერეთელი, მ. ივაშჩენკო, ლ. მუსხელიშვილი, ა. აფაქიძე, დ. ხახუტაიშვილი, ლ. ჭილაშვილი, დ. მუსხელიშვილი, პ. ზაქარაია, ნ. ლომოური, ი. გაგოშიძე, ა. კახიძე, ო. ლორთქიფანიძე, გ. ლორთქიფანიძე, ი. ვორონოვი, რ. ფუთურიძე, რ. რამიშვილი, გ. ცქიტიშვილი, ა. ბოხოჩაძე, მ. სინაურიძე, ჯ. ჯღამაია, ბ. ჯორბენაძე და სხვ.). გამოვლინდა გვიანდ. ანტ. ხანის სასახლის, ტაძრის, აბანოს და აუზის გრანდიოზული, ბერძნ.-რომაულ ყაიდაზე მორთული ნაშთები, რთული საწესო-რელიგ. სიუჟეტების გამომხატველი ბერძნულწარწერებიანი მოზაიკური სურათები სოფ. ძალისში (ა. ბოხოჩაძე), ადრინდ. რკინის ხანის ნასახლარები მცხეთაში (სამთავრო, ღართისკარი, ნარეკვავი და სხვ.). დედოფლის მინდორზე (ქარელის მუნიციპ.) გაითხარა ძვ. წ. II–I სს. ტაძრები და ძვ. წ. I–ახ. წ. I სს. სასახლის კომპლექსი – ორგორაზე (ი. გაგოშიძე), გამოვლინდა ქალაქთწარმოქმნის ადგილ. კომპონენტების ბერძნ.-ელინისტურ და რომაულ სამყაროსთან მჭიდრო ურთიერთობის ნიშნებიც (მ. ინაძე, ო. ლორთქიფანიძე). ანტ. ხანის საქართვ. ნივთიერ კულტურაში (ოქრომჭედლობა, ქალაქური მხატვრული ხელოსნობა) გამოიყო ორი მძლავრი ნაკადი: ადგილ. მოსახლეობის მშრომელი ფენის კულტურა და ზედაფენის კულტურა, რ-იც არსებითად უცხოური, შემოტანილი ან უცხოურ ყაიდაზე ადგილობრივ იყო შექმნილი, ე. ი. ძვ. ბერძნ.-ქართ., ელინისტურ-ქართ., რომაულ-ქართ. წარმომავლობისა იყო. ახ. ვითარებაში გარკვეული დროით შეფერხდა ადრინდ. რკინის ხანის ადგილ. კულტურის შემდგომი განვითარება, რასაც დაემთხვა დასავლური თუ აღმოსავლური ნაკადებისა და ნაწარმის მოზღვავება კავკასიაში, მ. შ. იბერიასა და კოლხეთში. აღმოჩენილია უმნიშვნელოვანესი ეპიგრაფიკული ძეგლები მცხეთაში, ბოლნისში, ვანში, დავათში და სხვ., რ-თა გაშიფვრას, ინტერპრეტაციას და დათარიღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართ. კულტურის, საკუთრივ ქართული დამწერლობის ისტ. ახლებურად გასაშუქებლად (ი. ჯავახიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ს. ჯანაშია, ა. შანიძე, გ. წერეთელი, ლ. მუსხელიშვილი, ს. ყაუხჩიშვილი, თ. გამყრელიძე, თ. ყაუხჩიშვილი, გ. გიორგაძე, კ. წერეთელი, ზ. ალექსიძე, გ. აბრამიშვილი, რ. პატარიძე და სხვ.).
აღმოჩენილია წინაანტ. ხანის ციხე-ქალაქის გრანდიოზული ნანგრევები გარეჯის უდაბნოში („ნაომარი გორა“) და ვახტანგ გორგასლისეული სასახლისა და ტაძრის კომპლექსი ჭერემში (კ. ფიცხელაური, ნ. მამაიაშვილი); წამოწყებულია „ქუთაისის ქვეყნის“ არქეოლოგიური კვლევა. ქალაქთა პრობლემას მიეძღვნა მრავალი კრებული („მცხეთა“, „ვანი“, „დიდი პიტიუნტი“, „თბილისი“, „ნოქალაქევი-არქეოპოლისი“) და მონოგრაფია (შ. მესხია, ლ. მუსხელიშვილი, ს. მენთეშაშვილი, ა. აფაქიძე, ლ. ჭილაშვილი, დ. ხახუტაიშვილი, მ. თრაფში, მ. ინაძე, ა. კახიძე, ო. ლორთქიფანიძე, გ. ლორთქიფანიძე, დ. მუსხელიშვილი, ვ. ჯაფარიძე, პ. ზაქარაია, ი. გაგოშიძე და სხვ.). გაიშალა კვლევა-ძიება ნუმიზმატიკის (თ. ლომოური, დ. კაპანაძე, თ. აბრამიშვილი, გ. დუნდუა, ი. ჯალაღანია, მ. ანთაძე, ც. ღვაბერიძე, თ. ქუთელია, ი. ცუხიშვილი), გლიპტიკის (მ. მაქსიმოვა, ს. ბარნაველი, მ. ლორთქიფანიძე, ქ. ჯავახიშვილი, ქ. რამიშვილი, თ. სურგულაძე), პალეოანთროპოლოგიის (მ. აბდუშელიშვილი), სპელეისტიკისა (გ. გაფრინდაშვილი) და არქეოლ. ტექნოლოგიის დარგებში (ფ. თავაძე, რ. ბახტაძე, თ. საყვარელიძე, ც. აბესაძე, გ. ინანიშვილი და სხვ.).
თსუ-ში შექმნილია ლაბორატორია, სადაც რადიონახშირბადული მეთოდით განსაზღვრავენ ორგ. ნაშთთა ხნოვანებას (გ. მირიანაშვილი, ვ. კოკოჩაშვილი, ა. ბურჭულაძე, გ. ტოგონიძე); საფუძველი ჩაეყარა არქეომაგნიტიზმის მეთოდების გამოყენებას კერამ. ნაწარმის დათარიღებისას (მ. ნოდია, ზ. ჭელიძე), არქეოლ. ძიებას ელექტრომეტრული მეთოდით (დ. ციციშვილი). დაწინაურდა ლითონის შედგენილობის, ტექნოლ. და მისი დაცვის პრობლემების შესწავლა, ძვ. ქართ. მეტალ. სათავეებისა და სამთო საქმის კვლევა მდ. რიონის სათავეებში (გ. გობეჯიშვილი, თ. მუჯირი), კოლხეთის დაბლობსა და აფხაზეთში (ნ. ხოშტარია, ი. გძელიშვილი, დ. ხახუტაიშვილი, შ. ჩართოლანი, გ. ბღაჟბა და სხვ.), შიდა და ქვემო ქართლში (ო. ღამბაშიძე, ა. აფაქიძე, რ. აბრამიშვილი, ი. გძელიშვილი), კახეთში (კ. ფიცხელაური, შ. დედაბრიშვილი, ბ. მაისურაძე).
ბოლო წლებში არქეოლოგიაში ფართოდ ინერგება ელექტრონულ-გამოთვლითი ტექნიკა: შეიქმნა საცდელ-სანიმუშო მოდელი ავტომატიზებული საინფორმაციო საძიებო სისტემისა (ბ. გუგუშვილი, ი. გაგოშიძე, ვ. ლიჩელი); სულ უფრო ფართოდ იყენებენ აეროფოტოაგეგმვის მასალებსა და კოსმოფოტოგრაფიის მონაცემებს არქეოლ. დაზვერვა-ძიების ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით.
არქეოლ. ძეგლთა უდიდეს საცავში – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში, თელავის, ახალციხის, ზუგდიდის, ნაქალაქევის, ვანისა და მცხეთის მუზეუმებში მოწყობილია მონოგრაფიული არქეოლ. გამოფენები თანამედროვე სტანდარტების დონეზე (ა. ჯავახიშვილი, ლ. ჭილაშვილი, პ. ზაქარაია, ო. ლორთქიფანიძე, დ. თუშაბრამიშვილი, რ. ფუთურიძე, ნ. ჭყონია, ვ. ლიჩელი და სხვ). არქეოლ. გამოფენები მოეწყო ბიჭვინთაში, მცხეთაში, ჭერემში, უდაბნოში და სხვ. (ა. აფაქიძე, გ. ლორთქიფანიძე, კ. ფიცხელაური). საქართვ. არქეოლოგები მონაწილეობენ საერთაშ. კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონგრესების მუშაობაში. რესპუბლიკაში ტარდება საერთაშ. კონფერენციები, სიმპოზიუმები და სესიები, უმნიშვნელოვანესი არქეოლ. პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმები (შავიზღვისპირეთის ბერძნ. კოლონიზაცია, ბრინჯაოს ხანის კულტურათა ქრონოლოგია-პერიოდიზაცია და სხვ.). არქეოლ. კვლევის განვითარებისა და მონაპოვრის კონსერვაციის გაძლიერების მიზნით შეიქმნა (1991) საქართვ. არქეოლ. ფონდი.
ლიტ.: აბდუშელიშვილი მ., კავკასიის ანთროპოლოგია ბრინჯაოს ხანაში, თბ., 1982; აფაქიძე ა., ქართული საბჭოთა არქეოლოგიის განვითარების ნახევარსაუკუნოვანი გზა, თბ., 1972; გობეჯიშვილი გ., არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში, თბ., 1952; გოგაძე ე., კოლხეთის ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანის ნამოსახლართა კულტურა, თბ., 1982; ინაძე მ., აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაცია, თბ., 1982; მაჩაბელი კ., ძველი საქართველოს ვერცხლი, , თბ., 1983; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959; საქართველოს არქეოლოგია, ტ. 1 - 2, თბ., 1990-92; ქავთარაძე გ., საქართველოს ენეოლით-ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურების ქრონოლოგია ახალი მონაცემების შუქზე, თბ., 1981.
ა. აფაქიძე