ადამია ალიო კონსტანტინეს ძე (20. V. 1914, ბათუმი, – 19. X. 1980, თბილისი), მწერალი.
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1934). მუშაობდა გაზეთების „ახალგაზრდა კომუნისტის“ (1930–36), „კომუნისტის“ (1942–54) რედაქციებში, იყო გამომც. „ხელოვნების“ დირექტორი (1954–63), „მერანში“ – განყ-ბის გამგე (1963–68), „საბჭოთა საქართველოში“ – მთავარი რედაქტორი (1968–80). პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1930 („მნათობი“, № 10), პირველი წიგნი – „პოემა ხუთწლედის გმირებზე“ – 1931, რ-საც მოჰყვა წიგნი „რამდენიმე ლექსი“ (1932). მისი საუკეთესო პოეტური კრებულებია: „ლექსები“ (1936), „ქორწილი კოლხიდაში“ (1941), „მესხეთის გაზაფხული“ (1949) „უბის წიგნიდან“ (1953), „ლექსები და ბალადები“ (1955), „დედის ზმანება“ (1962), „ცისფერი აივანი“ (1964), „ჯავახეთის ბილიკები“ (1967), „სიყვარულისა და სიკვდილის ბალადა“ (1969), „შვიდნი ძმანი მურზაყანნი“ (1975). ცალკე წიგნებად გამოიცა მისი პოემები „ხექალა“ (1959) და „სიმღერა მაისის ცვარში“ (1970), დრამ. პოემა „მსახიობის სიკვდილი“ (1958). ნარკვევების რამდენიმე წიგნის გარდა („სოფლის გზებზე“, 1948 და სხვ.) ა-ს ეკუთვნის მოთხრობების კრებულები: „დილა მტკვრის ხეობაში“ (1952), „ხერგა“ ამარცხებს „რიონს“ (1967) და რომანები: „დიდი და პატარა ეკატერინე“ (1972), „სიკვდილი ერთი დღით ადრე“ (1979).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
რ. კვერენჩხილაძე