ადამია რობერტ შალვას ძე

რ. ადამია

ადამია რობერტ შალვას ძე (6. IV. 1933, თბილისი, – 19. IX. 2018, იქვე), მეტალურგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1993; წ.-კორ. 1983). ტექ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1976).

1956 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის მეტალ. ფაკ-ტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით. 1956–57 მუშაობა დაიწყო კომუნარსკის მეტალ. ქ-ნის ფურცელსაგლინავ საამქროში ოსტატის თანაშემწედ. 1958–61 მოსკოვში, მეტალ. მანქანათმშენებლობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში მიავლინეს უფროს ინჟინრად. 1963–72 საქართვ. მეცნ. აკად. მეტალ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში მუშაობდა უფროს მეცნ. თანამშრომლად, 1972–83-საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში ლითონთა წნევით დამუშავების კათედრის გამგედ. 1983–90 იყო მეტალ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში.

1983-იდან ხელმძღვანელობდა ამავე ინ-ტის ქუთაისის სამეცნ. ცენტრს.

ა-ს მეცნ. შრომები ეხება ოპტიმალური დინამ. მაჩვენებლების მახასიათებლების მქონე მანქანებისა და მექანიზმების, უპირატესად მეტალურგიული დანიშნულების საწარმოო აგრეგატების კვლევის გაანგარიშებისა და რაციონალურად დაგეგმარების ძირეულ საკითხებს.

თხზ.: Оптимизация динамических нагрузок прокатных станов, М., 1978; Основы рационального проектирования металлургических машин, М., 1984 (თანაავტ. В. М. Лобода); Стеклоармированные термопласты, Тб., 1989 (თანაავტ. М. Батиашвили).