ადამია შოთა ალექსანდრეს ძე

შ. ადამია.

ადამია შოთა ალექსანდრეს ძე (დ. 25. I. 1929, თბილისი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1991), საქართვ. გეოლ. საზ-ბის პრეზიდენტი (1991).

1953 დაამთავრა თსუ გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. 1953–55 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტის ასპირანტი, შემდგომ – მეცნ. თანამშრომელი, 1971–76 - ამავე ინ-ტის კომპლ. კვლევის განყ-ბის ხელმძღვანელი, 1976–88 – დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, 1988–95 – დირექტორი. 1992-იდან დაინიშნა საქართვ. რესპ. გარემოს დაცვის მინისტრად. 1991-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში.

ა-ს მეცნ. ინტერესები მოიცავს გეოლოგიის, ასევე გეოფიზიკის პრობლემების ფართო წრეს. მის შრომებში ახლებურადაა გადაწყვეტილი საქართვ. და კავკ. ალპურისწინა და ალპური წარმონაქმნების რეგიონული გეოლ., სტრატიგრაფიის, პალეოგეოგრ., ტექტონ., პეტროლოგიის და სხვა საკითხები; ნაჩვენებია, რომ კავკასიონის გრანიტ-მეტამორფული კომპლექსები ძირითადად პალეოზოურია, ხოლო მათი ზეწრული აგებულება გვიანდ. ჰერცინული დანაოჭების შედეგია. ნეომობილისტურ იდეებზე დაყრდნობით ა-მ კოლეგებთან ერთად გამოთქვა მოსაზრება კასპიისა და შავი ზღვების ღრმულების რიფულ წარმოშობაზე. შემდგომში შეიქმნა კავკასიონის ლითოსფეროს ევოლუციის გეოდინამიკური მოდელი და პალეომაგნიტური მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა მიწის ქერქის ბლოკების ლატერალური გადაადგილება. ა-ს ხელმძღვანელობით შესრულდა იუნესკოს პროექტებით და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამებით გათვალისწინებული გეოლ. სამუშაოები.

მისი ხელმძღვანელობით დადგენილია კავკასიონის სხვადასხვა რ-ნებისათვის სეისმოლოგიური პირობები, გამოყოფილია ნავთობის, აირის და მადნეული საბადოებისათვის პერსპექტიული სტრუქტურები, შედგენილია მრავალი პროფილის გეოლ. რუკა, რაც მეტალოგენიური პროგნოზირების საფუძველია.

ა. არის მრავალი სამეცნ. და სამეცნ.-ტექ. საბჭოს წევრი. მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

აკად. ა. ჯანელიძის სახ. პრემიის ლაურეატი (1986).

თხზ.: მასალები კავკასიონის წინამთების გეოლოგიური აგებულების შესახებ მდ. პატარა ლიახვის აუზსა და ქ. დუშეთის მერიდიანს შუა, თბ., 1958; Доюрские образования Кавказа, Тб., 1968; Plate tectonics and evolution of the Alpine system, «Bulletin of American geological Society», 1975, [v.] 86, № 5; Explanatory note to the stratigraphic correlation forms series of the Caucasus. Prevariscan and Variscan events in the Alpine-Mediterranean belts, «Societa Geologica Italiana», Roma, 1990 (თანაავტ.); The Caucasian oil and gas province-Hydrocarbon prospects in Eastern Europe and USSR. «University of South Carolina. Occasional Publ. New Series», 1990, № 5a.

თ. ჩხოტუა