ადიგენი

ადიგენი. მეჩეთი. გვიანდელი შუა საუკუნეები.

ადიგენი, დაბა (1961-იდან) სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი). ადიგენის მუნიციპალიტეტის ცენტრი.

მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდ. ქვაბლიანის მარცხ. ნაპირას, ახალციხე – ბათუმის საავტ. გზაზე. ზ. დ. 1240 მ. ახალციხიდან 31 კმ, თბილისიდან 236 კმ. 783 მცხ. (2014). ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, საშ. წლ. ტემპ-რა 8°C, იანვ. –4,1°C, აგვ. 19°C; აბსოლ. მინ. –31°C, აბსოლ. მაქს. 36°C. ნალექები 600 მმ წელიწადში.

ა-ში არის ხე-ტყის დასამუშ. და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის საწარმოები; საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. მოსახლ. ჯამრთელობის დაცვას ემსახურება სს „ევექსის კლინიკები“.

ა-ის მახლობლად, ჩრდ.-დას-ით, მდებარეობდა ძვ. ა. (ისტ. რაბათი), რ-ის დასახლებიდან აღარაფერია შემორჩენილი. მისი ძვ. ფორმაა „ადიგვენი“.

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით შედიოდა ახალციხის ლივაში, ალთუნყალის (ოქროსციხის თურქ. თარგმანია) რ-ნში და 26 კომლს ითვლიდა. „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში“ 1728–29 სოფ. ადიგუნი იხსენიება ალთუნყალის რ-ნში. ექვემდებარებოდა ვინმე მეჰმედს.

მატერ.-კულტ. ძეგლებიდან ა-ში მხოლოდ აბანოს ნანგრევები (ერთმანეთზე მიშენებული და კარით დაკავშირებული ორი, გეგმით სწორკუთხა ოთახი) არის შემორჩენილი. ნაგებია ბრტყელი აგურით და ქვით. გარე წყობაში ერთგან ჩუქურთმიანი ქვაა ჩაყოლებული. ოთახები თაღებით ორადაა გაყოფილი. კედლებზეც თაღები მიუყვება; ერთ ოთახს ბუხარი აქვს. გადახურვა გუმბათისებურია. ნაგებობა ფეოდ. ხანის გვიანდ. საუკუნეებს მიეკუთვნება.

აბანოს სიახლოვეს სახურავჩაქცეული გვიანდ. მეჩეთია. ჩანს, ძვ. ქართ. ნაეკლესიარის ადგილზეა აგებული, რადგან მის კედლებში ჩაყოლებულია და იქვე ყრია ქართ. სალოცავის ჩუქურთმიანი ქვები, დაღარული სვეტისთავი. ირგვლივ გალავნის კვალია.

წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1941; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსაცემად მოამზადა ც. აბულაძემ, გამოკვლევა დაურთო მ. სვანიძემ, თბ., 1979.

ვ. ჯაოშვილი

დ. ბერძენიშვილი

ე. ბაგრატიონი