ადიგენის მუნიციპალიტეტი

ადიგენი საერთო ხედი

ადიგენის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში. სამხრ. საზღვარი ემთხვევა საქართველო – თურქეთის სახელმწ. საზღვარს, დას-ით ესაზღვრება ხულოს, ჩრდ-ით – ჩოხატაურის, ვანის, ბაღდათის, აღმ-ით – ახალციხის მუნიციპალიტეტები.

ფართ. 799,5 კმ². მოსახლ. 16,5 ათ. კაცი (2014). ცენტრი -– დაბა ადიგენი. ა. მ-ში არის 2 დაბა (ადიგენი, აბასთუმანი), 55 სოფელი, 18 თემი: არალის, ბენარის, ბოლაჯურის, გორგულის, დერცელის, ვარხანის, ზანავის, ზარზმის, ზედუბნის, ლელოვნის, მლაშის, მოხის, უდის, ფხეროს, ჩორჩანის, წახანის, ჭეჭლის, ხევაშენის.

ისტორიული ცნობა. ა. მ. ისტორიული სამცხის დას. ნაწილში მდებარეობს. იგი ძირითადად მოიცავს ორ ძვ. ქართულ ადმ.-ტერ. ერთეულს – ოძრხისა და ქვაბლიანისწყლის ხეობებს. ამათგან „ხევი ოძრახისა“ ქართ. წყაროებში იხსენიება I ს. ამბებთან დაკავშირებით, ხოლო „ქუაბულიანი თემი“ – XIII ს-ში. XVI ს-ში სამხრ. საქართველო ოსმალეთმა დაიპყრო. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (XVI ს.) მიხედვით, ეს ორი ძვ. ერთეული ახალციხის ლივაში შედიოდა, ამასთან, დაყოფილი იყო უდის, ქვაბლიანის, ალთუნყალის და ოცხის რ-ნებად. ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების (1829) თანახმად, სამცხე ახლანდ. ა. მ-ის ტერიტორიით რუს. იმპერიას გადაეცა. ტერიტორიულად იგი XIX ს. II ნახევარში შექმნილ ქვაბლიანის საპოლიციო უბანს ემთხვევა. 1930-მდე ახლანდ. ა. მ-ის ტერიტ. შედიოდა ახალციხის მაზრაში, 1930-იდან გამოიყო ცალკე რ-ნად. 1962–64 შედიოდა ახალციხის რ-ნში, 1965-იდან კვალვ გამოიყო ახლანდ. საზღვრებში.

ბუნება. ა. მ. უმთავრესად მთაგორიანია. მისი ტერიტ. მოიცავს ახალციხის ქვაბულის დას. ნაწილს და მოსაზღვრე ქედების კალთებს. ჩრდ. ნაწილი უჭირავს მესხეთის ქედის სამხრ. კალთებს, სამხრ. ნაწილი – ერუშეთის ქედის სუსტად დანაწევრებულ ჩრდ. კალთას, დას. – არსიანის ქედის აღმ. კალთებს. ამ ქედზე აღმართულია ჩამქრალი ვულკანი – მთა თლილი (ღრმანი, 2540 მ). ვაკე ვიწრო ზოლად გასდევს მდ. ქვაბლიანის ქვემო დინებას. მუნიციპ-ის ჩრდ. მთაგორიანი ნაწილი აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური ტუფური წყებებით, სამხრეთი – მიოცენური და პლიოცენური (გოდერძის წყება) ანდეზიტ-ბაზალტებით, დაციტებითა და ტუფებით. ა. მ-ის დას. ნაწილის აგებულებაში შედის ქვედა ოლიგოცენისა და ქვედა მიოცენის ფერადი თიხები, ქვიშაქვები, ანდეზიტ-ბაზალტები, დაციტები, ტუფები. მდ. ქვაბლიანის გასწვრივ ფართო ზოლად ვრცელდება ზედა ეოცენის ბაზალტები და ტრაქიტები (თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებით). დაბა ადიგენის აღმ-ით მცირე ფართობზე გავრცელებულია ქვედაოლიგოცენური თაბაშირიანი თიხები და ქვიშაქვები. მუნიციპ-ის ფარგლებში მოქცეულია ახალციხის მურა ნახშირის საბადოს მონაკვეთი (ამჟამად არ მუშავდება).

ზ. დ. დაახლ. 1500–1600 მ-მდე ჰავა ზომიერად ნოტიოა. ზამთარი ცივია, ზაფხული – თბილი და ხანგრძლივი. შედარებით დაბალ ზონაში საშ. წლ. ტემპ-რა 6,4-იდან (აბასთუმანი) 8°C-მდეა (ადიგენი), იანვ. საშ. ტემპ-რა, შესაბამისად, –5,4, –4,1°C, აგვ. 17,3 –19°C; აბსოლ. მინ.–32°C, აბსოლ. მაქს. 37°C. ნალექები 600–690 მმ წელიწადში. ნალექების მაქს. ივნ-ში მოდის (83 – 99 მმ), მინ. – დეკ-ში (40 მმ). გაბატონებულია დას. და აღმ. ქარები.

ა. მ-ს დას-იდან აღმ-კენ კვეთს მდ. ქვაბლიანი, რ-ის სიგრძე მუნიციპ-ის ტერიტორიაზე დაახლ. 40 კმ-ია. მისი შენაკადებიდან მნიშვნელოვანია ოცხე, ღაღვისწყალი, ძინძისწყალი. მდ-ები საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში. ქვაბლიანს და ზოგ სხვა მდინარეს იყენებენ სარწყავად. მუნიციპ-ში რამდენიმე პატარა ტბაა (შავი ტბა, კოტატბა, წყისი, თლილი, თრიალა და სხვ.).

მდ. ქვაბლიანის ქვედა ტერასებზე გავრცელებულია ალუვიურ-კარბონატული, თიხნარი ნიადაგი, გორაკ-ბორცვიან ზონაში – რუხ-ყავისფერი, მთის დაბალ კალთებზე – ტყის ყავისფერი, 1400–1500 მ ზემოთ – ტყის ყომრალი, მაღალმთიან ზონაში მთა-მდელოს ნიადაგებია.

ა. მ-ის ტერიტ. ყველაზე დაბალ ნაწილში გავრცელებულია ქსეროფიტული მცენარეულობა, რ-საც გორაკ-ბორცვიან ზონაში მუხნარ-ჯაგრცხილნარი ცვლის. მთის კალთებზე ქვედა სარტყელში მუხა და რცხილა ჭარბობს, უფრო ზემოთ გაბატონებულია წიწვოვანი ჯიშები ¬– ფიჭვი, ნაძვი და ნაწილობრივ სოჭი. ქედების თხემურ ნაწილში სუბალპ. და ალპ. მდელოებია.

ქედების თხემურ ზონაში ბინადრობს კასპიური შურთხი და კავკასიური როჭო. ტყის ზონაში გავრცელებულია ჭანური მურა დათვი, მელა, მგელი, ფოცხვერი, გარეული კატა, მაჩვი, კვერნა, თელეუთური ციყვი (აკლიმატიზებულია), ტყის თაგვი, დედოფალა და სხვ. არის პრომეთეს მემინდვრია და წყლის მემინდვრია. ბევრია მწყერი, გვრიტი, შოშია, კაჭკაჭი, კოდალა, ტყის ქათამი; ბოხმეჭა, მწვანე მცურავი, გომბეშო, ტბის ბაყაყი. მდ-ებში არის კალმახი, ქაშაპი, ტობი, თაღლითა და სხვ.

ძირითადი ლანდშაფტები: 1. ქვაბულის ტერასული ძირი მთის სტეპური და ფრიგანოიდული მცენარეულობით, რუხ-ყავისფერი ნიადაგებით; 2. მთა-ტყის ლანდშაფტი რცხილნარ-მუხნარით და წიფლნარ-მუქწიწვოვნებით ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე; 3. მთა-მდელოს ლანდშაფტი.

ა. მ-ის ტერიტორიაზე არის გოდერძის წყების უნიკალური გაქვავებული ტყე.

მოსახლეობის უმეტესობა ქართველები არიან, ცხოვრობენ აგრეთვე სომხები, რუსები და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 1000–1600 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 20,6 კაცი 1 კმ²-ზე (2014).

მეურნეობა. სოფ. მეურნ. მთავარი დარგებია მეცხოველეობა, მებოსტნეობა და მეხილეობა. სას.-სამ. სავარგულებიდან სახნავ-სათეს ფართობს უჭირავს 18,2%, სათიბ-საძოვრებს – 81,7%. დამუშავებული მიწები უმეტესად მდინარისპირა ტერასებზეა. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები (უმთავრესად ხორბალი და სიმინდი), კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი. მრავალწლოვანი კულტურებიდან მთავარია ვაშლის, მსხლისა და ჭანჭურის ნარგავები. მეცხოველეობა ძირითადად სახორცე-სარძეო მიმართულებისაა.

მრეწვ. სუსტადაა განვითარებული. მნიშვნელოვანია ხე-ტყის დამზადება. არის ხის გადამამუშავებელი საწარმოები.

ა.მ-ის ტერიტორიაზე არ გადის სარკინიგზო ხაზი. ამიტომ სატრანსპ. სისტემაში მთავარ როლს საავტ. ტრანსპორტი ასრულებს. ა. მ-ს კვეთს ბათუმ–ახალციხის (გოდერძის უღელტეხილით) და ქუთაის–ბენარის (ზეკარის უღელეხილით) საავტ. გზები.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. ა.მ-ში არის საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. დაბა აბასთუმანის მახლობლად, ყანობილის მთაზე არის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება კურ. აბასთუმანი, შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“, სს „ევექსის კლინიკები“.

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. აღსანიშნავია ზარზმის მონასტერი (XIV ს.), ჭულის (XIV ს., შეკეთებულია XX ს-ში) და იჯარეთის (განვითარებული შუა საუკ., სამრეკლო XIII ს.) მონასტრის ეკლესიები; შუა საუკ. უგუმბათო ეკლესიების ნანგრევები პატარა სმადაში (1467), ბოლაჯურში (XIII ს.), უდეში (XIV – XVI სს.); აგრეთვე უდისა და არალის ქართ. კათოლ. ეკლესიები (XX ს. დასაწყისი); შუა საუკ. დიდი ციხესიმაგრე ოქროსციხე, ერემჭალისა და ზანავის ციხეები; განვითარებული შუა საუკ. ხიდი მდ. ოცხეზე, ეკლესია „ახალი ზარზმა“ (1899–1902, ინტერიერში მ. ნესტეროვის მოხატულობა, 1902–04) აბასთუმანში.

ვ. ჯაოშვილი

დ. ბერძენიშვილი