ავალიანი ვლადიმერ (ლადო) შალვას ძე (15. V. 1913, ზესტაფონი, – 1998, თბილისი), მწერალი.
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკად. (1940). სვანეთის ყოფა-ცხოვრებით, განსაკუთრებით ძვ. და ახ. სვანეთის პრობლემებით დაინტერესებული შემოქმედის ლიტ. დებიუტი შედგა 1935 მოთხრობით „დადაშ ხვიბლანი“. კვალვ ეს თემა დაედო საფუძვლად მისი ნოველების პირველ კრებულს „ლაჰილ პირველი“ (1940) და ნოველებს „მუხის ჭია“ (1973), „დალის დალალები“ (1978) და სხვ. 1947–87 გამოვიდა მისი ნოველების 8 კრებული. მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებმა გამოხატულება პოვა ნოველებში „დედის იმედი“, „სიდუ“ და სხვ. მეტად საყურადღებოა ნ. ბარათაშვილის სახე ნოველაში „ყარიბი მგოსანი“ (1948). ლ. გუდიაშვილის პარიზული წლებია ასახული ნოველაში „სულოაგას ქუდი“. ამ ნაწარმოებებმა მწერალს ნოველის ოსტატის სახელი დაუმკვიდრა. რომანში „ახალი ჰორიზონტი“ (1952–69) პირველად აისახა მეშახტეთა ცხოვრება; მასში წინა პლანზეა წამოწეული მოქალაქეობრივი და ზნეობრივი პრობლემატიკა; აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნში ქვეტექსტის გამოხატვის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა ალეგორია, ხოლო მწერლის დამოკიდებულება სინამდვილისადმი გადმოცემულია ტრაგიკული ირონიით. ა-ს ეკუთვნის პიესები „მოწყობილი“ (1960) და „არგვეთის მთავრები“ (1974), „ნოველები“ (1987), იგი ავტორია წერილებისა ლიტ-რისა და ხელოვნების საკითხებზე.
ა-ის რამდენიმე ნოველა თარგმნილია რუს., ჩეხ., ინგლ. და გერმ. ენებზე. გადაღებულია ფილმში „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“.
თხზ.: ათი ნოველა, თბ., 1961; ნოველები, წერილები, თბ., 1975; რჩეული სამ წიგნად, თბ., 1978 – 82; ნოველები, თბ., 1987.
ლიტ.: ბაქრაძე ა., ახალი ჰორიზონტი, «ლიტერატურული საქართველო», 1971, №50; მერკვილაძე გ., ისევ „ახალ ჰორიზონტზე“, «მნათობი», 1977, №2.
ა. მირიანაშვილი